Brexit-ის პრობლემები: ბრიტანეთმა ცალმხრივად შეცვალა ჩრდილოეთ ირლანდიის პროტოკოლი

ბრიტანელი მეწარმეები მთავრობას თავიდანვე აფრთხილებდნენ იმის თაობაზე, რომ ჩრდილოეთ ირლანდიის ორმაგი სტატუსი „ცარიელი დახლების“ პრობლემას შექმნიდა.
Sputnik

თბილისი, 4 მარტი — Sputnik. ბრიტანეთის მთავრობამ ცალმხრივად გაახანგრძლივა საშეღავათო პერიოდის ვადა, რომელიც გაერთიანებული სამეფოს სხვა ტერიტორიებიდან ჩრდილოეთ ირლანდიაში პროდუქტების მიწოდებასთან დაკავშირებით მოქმედებს Brexit-ის ფარგლებში, განაცხადა ჩრდილოეთ ირლანდიის საქმეთა მინისტრმა ბრენდონ ლუისმა.

კვლავ გაწევრიანების პერსპექტივა: ბრიტანელების უმეტესობა უკმაყოფილოა Brexit-ის შედეგებით

გასული წლის დეკემბრის ბოლოს ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის გაფორმებული სავაჭრო ხელშეკრულების თანახმად, ჩრდილოეთ ირლანდია, რომელმაც გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობაში დატოვა ევროპული გაერთიანება, ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიის ნაწილად დარჩა. ეს ორმაგი სტატუსი შესაძლებელს ხდიდა, არ გაჩენილიყო საზღვარი ჩრდილოეთ ირლანდიასა და ირლანდიის რესპუბლიკას შორის, რომელიც ევროკავშირის წევრად დარჩა. ანუ საშეღავათო პერიოდი ბრიტანელ მიმწოდებლებს აძლევს უფლებას, თავი აარიდონ საბაჟო ფიტოსანიტარიული სერტიფიკატების გაფორმებას პროდუქციის ჩრდილოეთ ირლანდიაში შეტანისას.

„სუპერმარკეტებისა და მათი მიმწოდებლების ინტერსებიდან გამომდინარე, სოფლის მეურნეობის პროდუქტების ჩრდილოეთ ირლანდიაში შეტანის მიმდინარე სქემა 1 ოქტომბრამდე იქნება ძალაში“, — ნათქვამია მინისტრის განცხადებაში.

ევროკავშირთან შეთანხმებით, საშეღავათო ვადა 1 აპრილს იწურებოდა. 

ბრიტანეთის მთავრობას შეთანხმების პირობების შეცვლა მეწარმეებმა აიძულეს, რომლებიც იმთავითვე აფრთხილებდნენ ხელისუფლებას მაღაზიებში ცარიელი დახლების მოსალოდნელი პრობლემების თაობაზე.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირმა ბრიტანეთის ხელისუფლება ამ გადაწყვეტილების გამო Brexit-ის პირობების დარღვევაში დაადანაშაულა.