თბილისი, 3 მარტი - Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო შეზღუდვები ამოქმედდა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
კერძოდ, ინტენსიური თოვის გამო ქუთაისი (მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 39-62-ე კმ მონაკვეთზე - ნაქერალას უღელტეხილზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ასევე, ინტენსიური თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის 1-52-ე კმ მონაკვეთზე, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.