აზერბაიჯანული ლოუკოსტერი ბაქოდან თბილისში იფრენს

ორივე მიმართულების მგზავრებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ტესტი COVID-19-ზე რეისის შესრულებამდე 48 საათის განმავლობაში მოქმედებს.
Sputnik

თბილისი, 3 მარტი — Sputnik. აზერბაიჯანული ლოუკოსტერი Buta Airways იწყებს სპეციალურ რეისებს საქართველოს დედაქალაქში. პანდემიის პერიოდში პირველი ფრენა ბაქო–თბილისი–ბაქო 19 მარტს შესრულდება, იუწყება „Sputnik–აზერბაიჯანი“.

ფრენები ამ მარშრუტით კვირაში სამჯერ – სამშაბათს, პარასკევს და კვირას შესრულდება.

თბილისის და ბათუმის აეროპორტებში ახალი ავიარეისები დაინიშნა

Buta Airways აზერბაიჯანის პირველი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა, წარმოადგენს „აზერბაიჯანის ავიახაზების“ (AZAL) სტრუქტურულ ქვედანაყოფს. დაფუძნებულია 2016 წლის დეკემბერში. პირველი რეისი შეასრულა 2017 წლის 1 სექტემბერს. ავიაკომპანიის ფლოტი Embraer-ის თანამედროვე თვითმფრინავებისგან შედგება. ავიაკომპანიის ბაზა არის ბაქოში, ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში.

ბაქო–თბილისი–ბაქოს რეისებზე ბილეთების შეძენა შესაძლებელია ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, ასევე ავიაკომპანიის ოფიციალურ სააგენტოებში.

ბაქო–თბილისის მიმართულების მგზავრებმა უნდა გაითვალისწინონ:

  • უნდა ჰქონდეთ საქართველოს ტერიტორიაზე შესვლის უფლება. პანდემიის პერიოდში საქართველოში შესვლის წესები ავიაკომპანიის ვებ-გვერდზეა განთავსებული.
  • საჭიროა სამედიცინო ცნობა ინგლისურ ენაზე, რომ კორონავირუსის ინფექციაზე ტესტი უარყოფითია. კლინიკების ჩამონათვალი აზერბაიჯანში, სადაც შეიძლება კორონავირუსზე ტესტის ჩატარება, ასევე გამოქვეყნებულია ავიაკომპანიის ვებ-გვერდზე.

თბილისიდან ბაქოს მიმართულების მგზავრებმა უნდა გაითვალისწინონ:

  • შეამოწმონ აზერბაიჯანში შესვლის უფლება. იმ პირთა კატეგორიის ჩამონათვალი, რომლებსაც აზერბაიჯანში შესვლის უფლება აქვთ, განთავსებულია ვებ-გვერდზე.
  • Synevo-ს ლაბორატორიის ერთ-ერთ ფილიალში საჭიროა ცნობის აღება, რომ არ გაქვთ კორონავირუსი, ან PCR ტესტის წარდგენა უარყოფითი პასუხით QR-კოდის წარდგენით (მის სინამდვილეს რეგისტრაციის დროს შეამოწმებენ).
საქართველოსა და ყაზახეთს შორის ავიამიმოსვლა აღდგება

პარტნიორი კლინიკების ქსელის გაფართოების შემთხვევაში კლინიკების ჩამონათვალი განახლდება.

აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტთან არსებული ოპერატიული შტაბის გადაწყვეტილებით, ბაქოში ავიარეისებით ჩასული მგზავრები ორ კვირას თვითიზოლაციაში გაატარებენ.

ორივე მიმართულების მგზავრებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ტესტი კორონავირუსზე რეისის გაფრენამდე 48 საათის განმავლობაშია მოქმედი.