ახალი ანტირუსული „შავი სია“: შეერთებულმა შტატებმა სანქციების ჩამონათვალი გამოაქვეყნა

ახალი სანქციების დაწესების შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ვაშინგტონს მოუწოდა, „შეწყვიტოს ცეცხლთან თამაში“.
Sputnik

თბილისი, 3 მარტი — Sputnik. აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ გამოაქვეყნა რუსეთის მოქალაქეების სია, რომლებსაც სანქციები დაუწესდათ ბლოგერ ალექსეი ნავალნის გამო.

სანქციების სიაში მოხვდნენ:

  • რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორი ალექსანდრ ბორტნიკოვი,
  • რუსეთის გენერალური პროკურორი იგორ კრასნოვი,
  • კრემლის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე სერგეი კირიენკო,
  • სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელი ალექსანდრ კალაშნიკოვი,
  • თავდაცვის მინისტრის მოადგილეები ალექსეი კრივარუჩკო და პაველ პოპოვი,
  • კრემლის საშინაო პოლიტიკის სამმართველოს ხელმძღვანელი ანდრეი იარინი.

გავრცელებული ცნობით, ამ პირების მთელი ქონება, რომელიც აშშ-ის იურისდიქციაში აღმოჩნდება, დაიბლოკება.

გარდა ამისა, „მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების შესახებ რუსული პროგრამის მხარდამჭერი საქმიანობისთვის“ ამერიკული სანქციები დაუწესდა 13 ორგანიზაციას, რომელთაგან ცხრა რუსეთში მდებარეობს, სამი გერმანიაში და ერთი შვეიცარიაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ აშშ-ის ახალი სანქციები „მტრულ ანტირუსულ გამოხდომად“ შეაფასა და მოუწოდა ვაშინგტონს, „შეწყვიტოს ცეცხლთან თამაში“.

უწესებს თუ არა აშშ რუსეთს ახალ სანქციებს? პესკოვის კომენტარი

მანამდე, 2 თებერვალს მოსკოვის სასამართლომ გააუქმა ალექსეი ნავალნის მიმართ პირობითი სასჯელი „ივ როშეს“ საქმეზე და გამოსაცდელი ვადის არაერთხელ დარღვევისთვის 3,5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა საერთო რეჟიმის კოლონიაში მოხდით. მოსკოვის საქალაქო სასამართლომ კანონიერად მიიჩნია ნავალნისთვის პირობითი სასჯელის რეალურით შეცვლა. მას კოლონიაში დაახლოებით 2,5 წლის გატარება მოუწევს.

რუსეთმა არაერთხელ უარყო, რომ ნავალნის დევნას პოლიტიკური ხასიათი აქვს, რაც, სააგენტო РИА Новости-ს ცნობით, ასევე დაადასტურა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ. თუმცა მან რუსეთის ხელისუფლებას ალექსეი ნავალნისთვის შინაპატიმრობის მისჯის გამო კომპენსაციის გადახდა დააკისრა, რომელიც უკვე გადახდილია.

ალექსეი ნავალნის ინციდენტი

ალექსეი ნავალნი გასული წლის 20 აგვისტოს გადაიყვანეს ომსკის ჰოსპიტალში მას შემდეგ, რაც ის შეუძლოდ გახდა თვითმფრინავში. გამოკვლევის შემდეგ ომსკელმა ექიმებმა პაციენტის შეუძლოდ გახდომის ძირითად მიზეზად ნივთიერებათა ცვლის დარღვევა დაასახელს, რამაც სისხლში შაქრის დონის მკვეთრი ცვლილება გამოიწვია. ომსკელ მედიკოსებს ნავალნის სისხლსა და შარდში საწამლავის ნიშნები არ აღმოუჩენიათ.

მოგვიანებით ბლოგერი გერმანიაში გადააფრინეს. გერმანიის მთავრობამ სამხედრო ექიმებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ნავალნი „ნოვიჩოკის“ ჯგუფის სუბსტანციითაა მოწამლული. კრემლში ამასთან დაკავშირებით ითქვა, რომ ბერლინს არ უცნობებია მოსკოვისთვის თავისი დასკვნები.

ამასთან რუსეთი აცხადებს, რომ გერმანიის დაზვერვას (BND) 1990-იანი წლებიდან აქვს წვდომა „ნოვიჩოკზე“, ხოლო კიდევ ოცი დასავლური ქვეყანა, მათ შორის, დიდი ბრიტანეთი, აშშ, შვედეთი და ჩეხეთი სწავლობდნენ მას. რაც შეეხება რუსეთს, მოსკოვის განმარტებით, პრეზიდენტის 1992 წლის ბრძანებულების შესაბამისად, ქვეყანამ შეწყვიტა ქიმიური იარაღის სფეროში სამუშაოების წარმოება, ხოლო 2017 წელს სრულად გაანადგურა ამგვარი ნივთიერებების არსებული მარაგი.

ოქტომბრის დასაწყისში ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ნავალნის ორგანიზმში აღმოჩენილი ნივთიერებები არ არის შესული აკრძალული პრეპარატების ნუსხაში, თუმცა ისინი მახასიათებლებით „ნოვიჩოკის“ ანალოგიურია. მიუხედავად ამისა, ევროკავშირმა მაინც დააწესა ანტირუსული სანქციები.