თბილისი, 3 მარტი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურმა გიორგი მათიაშვილმა უწყების სისტემაში მომუშავე მრავალშვილიან დედებს დედის დღე მიულოცეს.
ბურჭულაძემ თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ შეკრებილ დედებს შრომისთვის მადლობა გადაუხადა და თაიგულები და სასაჩუქრე ბარათები გადასცა.
დღევანდელი დღე მიულოცეს ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, საერთაშორისო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული სამხედროების დედებს. მათ მთელ საქართველოში – ქალაქებსა და სოფლებში დაღუპულთა თანამებრძოლებმა ყვავილებითა და საჩუქრებით მიაკითხეს. დედებმა ჯარისკაცებთან ერთად კიდევ ერთხელ გაიხსენეს დაღუპული შვილების გმირობა და სამხედროებს სამშობლოს სადარაჯოზე ღირსეული სამსახური უსურვეს.
საქართველოში დედის დღე 3 მარტს აღინიშნება და ოფიციალურად უქმე დღედ არის გამოცხადებული.
ეს ოჯახური დღესასწაული საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ინიციატივით დაწესდა.