უცნობი დაავადებით კონგოში ხანდაზმული ადამიანები იღუპებიან

მანამდე კონგოში ებოლას ახალი შემთხვევები გამოვლინდა, რასაც ასევე მოჰყვა მსხვერპლი. გვინეასა და კონგოში ებოლათი გამოწვეული სიკვდილიანობის დონე ამ დროისათვის 64,3%-ს აღწევს.
Sputnik

თბილისი, 2 მარტი — Sputnik. მედიკოსებმა ბოლო კვირების განმავლობაში კონგოს დასავლეთში 15 ხანდაზმული ადამიანის სიკვდილი დააფიქსირეს უცნობი დაავადებით, იუწყება Agence France-Presse პროვინცია კვანგოს ხელისუფლებაზე დაყრდნობით.

კოვიდის გადამდებობა და ებოლას ლეტალობა: დაფიქსირდა საშიში „დაავადება X“

ექიმებისთვის ჯერჯერობით უცნობია, რა დაავადებასთან აქვთ საქმე.

„ჩვენ ჯერ ვერ დავადგინეთ დაავადების მიზეზი, რომლისგანაც უკვე გარდაიცვალა 60-დან 80 წლამდე ასაკის 15 ადამიანი“, — განაცხადა პროვინციის გუბერნატორმა ჟან–მარი პეტიმ.

მისი თქმით, დაავადება იწყება თავის ტკივილებით, შემდეგ ტკივილი მთელ სხეულზე ვრცელდება, ჩნდება სუნთქვის პრობლემები და რიგ შემთხვევებში ადამიანები იღუპებიან.

გავრცელებული ინფორმაციით, დაავადების ეპიცენტრი ანგოლასთან საზღვრის სიახლოვეს მდებარე რაიონი კასონგო–ლიუნდაა. პირველი ინფიცირებული იქ თებერვლის დასაწყისში გამოვლინდა.

გარდაცვლილთა ქსოვილების ნიმუშები შესასწავლად უკვე გადაიგზავნა კინშასას სამეცნიერო ცენტრში.

მანამდე აფრიკის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრმა (Africa CDC) კონგოში ებოლას ახალი შემთხვევები გამოავლინა, რასაც ასევე მოჰყვა მსხვერპლი. აფრიკული ორგანიზაციის განცხადებით, ამ დროისათვის მათ დაავადებისგან განკურნებულების შესახებ ინფორმაცია არც ერთი სახელმწიფოსგან არ აქვთ მიღებული.