თბილისი, 2 მარტი – Sputnik. საქართველოსა და ყაზახეთს შორის ავიარეისები 16 მარტიდან აღდგება, იუწყება „Sputnik– ყაზახეთი“ სამოქალაქო ავიაციის კომიტეტზე დაყრდნობით.
16 მარტიდან ავიარეისები ალმათი–თბილისი–ალმათის მიმართულებით კვირაში სამჯერ: სამშაბათს, პარასკევსა და კვირას შესრულდება.
ორ ქვეყანას შორის ავიამიმოსვლის განახლების შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს მხრიდან ყაზახეთის მოქალაქეებისთვის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნის შემდეგ იქნა მიღებული, რომელიც ძალაში მიმდინარე წლის 1 მარტიდან შევიდა.
კომიტეტის მონაცემებით, ავიარეისები სანიტარულ–ეპიდემიოლოგიური მოთხოვნების მკაცრი დაცვითა და ავიაკომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განრიგის შესაბამისად განხორციელდება.
1 მარტიდან რუსეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, უკრაინისა და ყაზახეთის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლა ვაქცინაციის გარეშე შეუძლიათ. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ ქვეყნების მოქალაქეებმა საქართველოში ჩამოფრენისას თან უნდა იქონიონ PCR-ტესტის უარყოფითი პასუხი.
საქართველოს ხელისუფლებამ საჰაერო საზღვრები უცხოელებისთვის 1 თებერვლიდან გახსნა. სახმელეთო და საზღვაო საზღვრები კვლავ დაკეტილია.