„პანდემიის დროს კორუფციის რისკი მაღალია“ - რისთვის არის მზად ჯანდაცვის სამინისტრო

საქართველოში ნანატრი ვაქცინის ირგვლივ ვნებათაღელვა არ ცხრება. ჯანდაცვის სამინისტრო არკვევს ურთიერთობებს COVAX-პლატფორმასთან და მომწოდებლებთან და იმედს იტოვებს, რომ ვაქცინას მარტში მიიღებს
Sputnik

თბილისი, 2 მარტი - Sputnik. ვაქცინაციის საბჭო მზად არის გაითვალისწინოს არასამთავრობო სექტორის ის წინადადებები, რომლებიც ანტიკორუფციული კუთხით იქნება წარმოდგენილი, რადგან პანდემიის დროს კორუფციის რისკი მაღალია, ბრიფინგზე განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.

გამყრელიძე: შემოგვაქვს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული ვაქცინები >>

მან ცოცხალი დოკუმენტი უწოდა ვაქცინაციის გეგმას, რომლის განახლებაც თავიდანვე იგეგმებოდა.

„კორუფციის რისკი ეპიდემიურ, პანდემიურ პირობებში, როდესაც ბაზარზე ვაქცინის ასეთი დეფიციტია, მაღალია. სამინისტრომ აქამდეც მიიღო გარკვეული შუამავლებისგან შემოთავაზებები, რომლებიც ვერ ადასტურებენ მათ კავშირს მომწოდებლებთან და რა თქმა უნდა, ასეთი რისკებისგან გადაზღვევა მნიშვნელოვანია და მზად ვართ ეს ნაწილი გავითვალისწინოთ“, - განაცხადა გაბუნიამ.

გაბუნია: კოვაქსთან თანამშრომლობა იმ რეჟიმში გრძელდება, როგორც თავდაპირველად იყო დაგეგმილი

რაც შეეხება COVAX-პლატფორმის განცხადებას იმის შესახებ, რომ ვაქცინა არ გაიგზავნა საქართველოში იმის გამო, რომ ქვეყანა ტექნიკურად არ იყო მზად მის მისაღებად, გაბუნიამ არ გამორიცხა, რომ ადგილი ჰქონდა პასუხის არასწორ თარგმანს, რომელიც ერთ-ერთმა ქართულმა სააგენტომ პლატფორმისგან მიიღო. მან იმედი გამოთქვა, რომ პლატფორმის პრესსამსახური ამასთან დაკავშირებით განმარტებებს გააკეთებს.

მანამდე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ საქართველომ COVAX-პლატფორმას შესაძლოა უჩივლოს იმის გამო, რომ ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს ქვეყანა ტექნიკური მიზეზების გამო არ არის მზად Pfizer-ის ვაქცინის პირველი პარტიის მისაღებად.