თბილისი, 2 მარტი – Sputnik. ბათუმში მიკროავტობუსის მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს და მგზავრობის ღირებულების 20–30 თეთრით მომატება მოითხოვეს, იუწყება „Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტი ადგილიდან.
აქციის მონაწილეები ბათუმის მერიის შენობასთან შეიკრიბნენ. მათ თქმით, გასულ წელს მერიამ მგზავრობის ღირებულება 50 თეთრამდე შეამცირა, ახლა კი, ეკონომიკური კრიზისისა და საწვავის გაძვირების ფონზე, მათ ზარალზე უწევთ მუშაობა.
„ყოველდღიური შესატანი („მარშრუტკის“ იჯარაზე – რედ.) 60 ლარი იყო და გახდა 90 ლარი. საწვავზე ფასი 1,60 ლარი იყო და 2,60 ლარი გახდა. მგზავრობის ღირებულება 60 თეთრი იყო და 50 თეთრი გახადეს. ყოველივე ამას ჩვენ დიდი ხანია ვითმენთ. ყოფილი მერი ლაშა კომახიძე ყველაფერს შეგვპირდა, მეორე დღეს კი თანამდებობა დატოვა. ჩვენ ჰაერში აღმოვჩნდით და ჩვენთვის არაფერი კეთდება“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
მძღოლები მერიას სუბსიდირებას სთხოვენ, რათა მათ არსებული ტარიფით მუშაობა გააგრძელონ. მათი თქმით, ისინი სამუშაოდ იმ დრომდე არ გავლენ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ შესრულდება.
აქციასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთეს ბათუმის მერიაშიც. მათი თქმით, აღნიშნულ საკითხზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს და ისეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რომელიც არც მძღოლებს და არც მოსახლეობას არ დააზარალებს.