თბილისი, 2 მარტი – Sputnik. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის მერმა კახა კალაძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ინიციატივით გამართული, ოპოზიციის და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრის კომენტირებისას.
გუშინ თბილისში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით მმართველი პარტია „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის ლიდერების რიგგარეშე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე, რომელსაც მიშელის გარდა ესწრებოდა პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერი, შედგა ექვსპუნქტიანი ჩარჩო-დოკუმენტი, რომელსაც შეხვედრის მონაწილეებმა ხელი მოაწერეს. ამ ექვს პუნქტს შორისაა ისეთი საკითხები, როგორიცაა ვადამდელი არჩევნების ჩატარება, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა, ძალაუფლების დანაწილება. შემდგომ შეხვედრებზე მხარეებს შორის მსჯელობა სწორედ ამ საკითხების ირგვლივ გაგრძელდება.
„მისასალმებელი და მნიშვნელოვანია კომპრომისები და ეს პროცესები გვიჩვენებს, რეალურად ვის აქვს სურვილი, ქვეყანაში იყოს სიმშვიდე, სტაბილურობა, განვითარება, წინსვლა. გამოვიდეთ ამ დაპირისპირებიდან და ერთად შევძლოთ ქვეყნის განვითარება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ჩვენს პარტნიორებს და მეგობრებს, მადლობა უნდა გადავუხადოთ ამ ყველაფრისთვის, მაგრამ ისე უნდა განვავითაროთ ქართული პოლიტიკა, რომ პოლიტიკურ პარტიებს მათი ჩართულობის გარეშე შეეძლოთ მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომა და გადაწყვეტილებების მიღება.
„გუშინდელი გადაწყვეტილებით, დიალოგის დაწყება არის აუცილებელი და ჩვენ გამოვხატავთ სრულ მზაობას,“ - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
პოლიტიკური კრიზისი საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების შემდეგ კიდევ უფრო გამწვავდა. ოპოზიცია ქუჩაში გამოვიდა და ორი კვირის განმავლობაში საპროტესტო აქციების გამართვას აპირებს. ოპოზიციის ლიდერების თქმით, აქციები მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება, თუ განახლდება მოლაპარაკების პროცესი მმართველ პარტიასთან. მომიტინგეები პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ვადამდელი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.
დასავლელი შუამავლების ორგანიზებით მოლაპარაკებათა რამდენიმე რაუნდი უკვე ჩატარდა გასულ წელს, მაგრამ უშედეგოდ.