„ჩვენგან ელიან მეტ პატრიოტიზმს“: საქართველოს პრეზიდენტმა ოპოზიციას მიმართა

პრეზიდენტი მიესალმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და ოპოზიციური ძალების წარმომადგენელთა კონსტრუქციულ ჩართულობას, მაგრამ გაკვირვება გამოხატა დღევანდელი მოვლენების გამო
Sputnik

თბილისი, 2 მარტი  — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გააკრიტიკა ოპოზიცია პარლამენტის პიკეტირებისთვის, რა დროსაც დეპუტატებს „სირცხვილის დერეფნის“ გავლა მოუწიათ.

გუშინ საპრეზიდენტო რეზიდენციაში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის შუამავლობით პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს. მიშელის თქმით, ევროკავშირი ორი კვირის განმავლობაში ელოდება საქართველოსგან პროგრესს პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის კუთხით. მიუხედავად ამისა, ოპოზიციას თავის გეგმებზე ჯერჯერობით უარი არ უთქვამს. 2 მარტს, დილიდან ოპოზიციის აქტივისტებმა პარლამენტის შესასვლელების პიკეტირება მოახდინეს.

„მნიშვნელოვანი ნაბიჯი“ – შარლ მიშელმა ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრა შეაფასა

„ევროკავშირმა უმაღლესი პოლიტიკური ფიგურის ქვეყნის კრიზისში და მის განმუხტვაში ჩართვით გვაჩვენა, რომ ევროპა არა თუ გასულია ამ რეგიონიდან და ამ ქვეყნიდან, არამედ პირიქით, საქართველოს დემოკრატიულობა, სტაბილურობა და განვითარება ისე, როგორც არასდროს მნიშვნელოვანია ევროპისთვის. ამ ფონზე კი პირდაპირ საკვირველია დღევანდელი რეაქციები, დაწყებული იმით, რომ კითხულობენ – სად იყო პრეზიდენტი, დამთავრებული – პიკეტირებით, თუ ახალი დაკავებებით“, - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს მისი აქტიური მონაწილეობისთვის მოლაპარაკებებში, მიესალმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და ოპოზიციური ძალების წარმომადგენელთა კონსტრუქციულ ჩართულობას. თუმცა, მისი თქმით, ის, რაც გუშინ ორბელიანის სასახლეში მოხდა, „კარგად გააზრებული არ არის“.

„ნუთუ მართლა არ გვესმის, რა მასშტაბის განაცხადი გაკეთდა გუშინ, რა დონის მხარდაჭერის გამოვლენა იყო, და რომ ეს დამოკიდებულება ჩვენგან პასუხს, ანუ პასუხისმგებლობის აღებას ითხოვს. ჩვენგან ელიან მეტ თანმიმდევრულობას, მეტ კონსტრუქციულობას, მეტ სახელმწიფოებრივ მიდგომას, ანუ ჭეშმარიტ პატრიოტიზმს“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

საქართველოს პარლამენტთან კარვების რაოდენობა იზრდება

საქართველოში პოლიტიკური კრიზისი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას დაკავების შემდეგ გამწვავდა. გაერთიანებულმა ქართულმა ოპოზიციამ საქართველოს დედაქალაქში საპროტესტო აქციების რამდენიმედღიანი განრიგი დაგეგმა. ქალაქის ცენტრში მსვლელობები და დემონსტრაციები ჩატარდა.

ოპოზიციის ლიდერების თქმით, აქციები მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება, თუ განახლდება მოლაპარაკების პროცესი მმართველ პარტიასთან. მომიტინგეები პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ვადამდელი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.