ჯოჯოხეთივით შავი, სიკვდილივით ძლიერი და სიყვარულივით ტკბილი

ეს საზიზღარი ყავის დამსახურებაა, რომელმაც... ჩვენი ქმრები საჭურისებად აქცია... ისინი სახლში ლიმონივით გამოწურული მოდიან, მთელ მათ ორგანიზმში არაფერია მაგარი, გარდა ძვლებისა და არაფერია წამოცქვეტილი, გარდა ყურებისა – აღნიშნავდნენ ქალები პეტიციაში.
Sputnik

არსებობს ამ ქვეყნად ადამიანი, რომელსაც ყავა ერთხელ მაინც არ დაულევია? ალბათ, არა. უმრავლესობისთვის ყავა ყოველი დილის სასიამოვნო და „სავალდებულო“ რიტუალია.

ყავაზე უამრავი რამ დაწერილა — კარგიც და ცუდიც. ჩვენ რამდენიმე საინტერესო ფაქტსა და ისტორიას შემოგთავაზებთ ყავის შესახებ, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილია.

ლეგენდა ყავაზე

ერთ-ერთი გავრცელებული ლეგენდის თანახმად, ყავის ხის უნიკალური თვისებები პირველად ეთიოპიელმა მწყემსმა ქალდიმმა დაახლოებით 850 წელს აღმოაჩინა. მას თავისი ფარა მთის ფერდობებზე გადაჰყავდა. ქალდიმმა ყურადღება მიაქცია, რომ როდესაც თხები ყავის ხის ფოთლებს ჭამდნენ, უცნაურად იქცეოდნენ — იწყებდნენ სირბილს, ხტომას. მწყემსმა ამის თაობაზე ადგილობრივი მონასტრის მოძღვარს უამბო. მან გარისკა და თავად გასინჯა ყავის ხის ნაყოფი და ნახა, რომ მას მატონიზირებელი ეფექტი ჰქონდა. მოძღვარმა გადაწყვიტა, რომ ამ ნაყოფის ნახარში სასარგებლო იქნებოდა მისი მონასტრის ბერებისთვის, რათა მათ გრძელი ღვთისმსახურების დროს არ ჩასძინებოდათ. ყავის ფოთლებისა და ნაყოფისგან ნაყენის დამზადება ამ მონასტრის ტრადიცია გახდა, შემდეგ კი პოპულარობა მოსახლეობაშიც მოიპოვა.

ჯოჯოხეთივით შავი, სიკვდილივით ძლიერი და სიყვარულივით ტკბილი

სასმელი გავრცელდა ეთიოპიაში, შემდეგ არაბეთის ნახევარკუნძულზე და აქედან კი უკვე ჯერ ევროპასა და აზიაში, შემდეგ ამერიკაში.

ამჟამად ყავა სხვადასხვა კონტინენტზე მოჰყავთ და მისი 100-ზე მეტი სახეობაა გავრცელებული. წარმოების ადგილის მიხედვით ყავა სამ ჯგუფად იყოფა: ამერიკული, აფრიკული და აზიური. ყავის უმაღლესი სახეობები სიმაგრითა და არომატით გამოირჩევა.

ყავის გავრცელების ისტორია ევროპაში და კურიოზული ფაქტები

ევროპაში ყავა მე-16 საუკუნის პირველ ნახევარში გავრცელდა. მას თითქმის მე-18 საუკუნემდე განსაკუთრებით აფასებდნენ. მოგვიანებით ის მავნე სასმელების რიცხვს მიაკუთვნეს და მხოლოდ მე-20 საუკუნეში გახდა ის კვლავ პოპულარული.

ფინჯანი ყავა და სიყრუე მამაკაცებში: მეცნიერული კვლევის შედეგი>>

პირველად ყავა ევროპაში ვენეციელმა ვაჭრებმა თურქეთიდან შეიტანეს. ეს იმ პერიოდს დაემთხვა, როდესაც ევროპაში კიდევ ორი სასმელი — ყავის „მთავარი კონკურენტები“ — ცხელი შოკოლადი (რომელიც ამერიკიდან ესპანელებმა ჩამოიტანეს 1528 წელს) და ჩაი (ევროპაში პირველად 1610 წელს გამოჩნდა) შემოვიდა. ყველაზე ცნობილი ვენეციური ყავახანა „კაფე ფლორიანი“ სან-მარკოს მოედანზე 1720 წელს გაიხსნა და ის დღემდე მუშაობს. ასევე საინტერესოა, რომ მსოფლიოში უმსხვილესი სადაზღვევო კომპანია Lloyd ლონდონში თავდაპირველად 1688 წელს ედვარდ ლოიდმა გახსნა როგორც ყავახანა Lloyd's of London. ლოიდი ამზადებდა გემების სიებს, რომლებსაც მისი კლიენტები აზღვევდნენ.

ჯოჯოხეთივით შავი, სიკვდილივით ძლიერი და სიყვარულივით ტკბილი

უნდა აღინიშნოს, რომ ყავას მოწინააღმდეგეები ევროპაში, კერძოდ, ინგლისში მალევე გამოუჩნდნენ. მაგალითად, 1674 წელს ყავის წინააღმდეგ გამოაქვეყნეს პეტიცია „ქალთა შუამდგომლობა ყავის წინააღმდეგ“, სადაც ქალები ჩიოდნენ, რომ „მამრობითი სქესის წარმომადგენლებს არასდროს ჩაუცვამთ უფრო ფართო ბრიჯები და, ამავე დროს, არასდროს ასე ცოტა არ ყოფილა მათში მამაკაცური ღირსება!“ ეს კი „საზიზღარი, ყავად წოდებული წარმართული ლიქიორის დამსახურებაა, რომელმაც… ჩვენი ქმრები საჭურისებად აქცია… ისინი სახლში ლიმონივით გამოწურული მოდიან, მთელ მათ ორგანიზმში არაფერია სველი, გარდა ცინგლიანი ნესტოებისა, არაფერია მაგარი, გარდა ძვლებისა და არაფერია წამოცქვეტილი, გარდა ყურებისა“.

შთამბეჭდავი ჩამონათვალი: რა დაავადებებისგან დაგიცავთ ყავა

ქალების პროკლამაციას მამაკაცებმა „მამაკაცური პასუხი გასცეს“ და დაიცვეს დაუმსახურებლად გალანძღული სასმელი.

XIX საუკუნეში ყავამ მიიღო განსაკუთრებული სტატუსი, როგორც ბოჰემურმა და საკრალურმა სასმელმა. მოდური გახდა მის ნალექზე მკითხაობა. ყავის მოყვარულთა შორის იყო უამრავი ცნობილი ადამიანი – ლუდოვიკო XIV, ვოლტერი, ბახი, ბეთჰოვენი, ეკატერინე II, ნაპოლეონ ბონაპარტი, ბალზაკი და სხვები. ნაპოლეონმა ყავის მომზადების რეცეპტიც კი შექმნა.

ბიზანტიური მატიანედან ვიგებთ, რომ 1453 წელს კონსტანტინოპოლში, დღევანდელ სტამბულში იყო მაღაზია, რომელიც საოცარი სასმელით ვაჭრობდა. ალბათ დაგაინტერესებთ, რომ თავდაპირველად ყავა მზადდებოდა, როგორც ყავის მარცვლების გამომშრალი გარსის ნახარში. მაგრამ კონსტანტინოპოლში ყავას უკვე ხარშავდნენ მოხალული და დაფქული მარცვლებით, რომელიც შემოჰქონდათ თურქებს. იქვე გაიხსნა ყავის სახლი და მსოფლიოში პირველი ყავის მაღაზია — Kiva Han.

ჯოჯოხეთივით შავი, სიკვდილივით ძლიერი და სიყვარულივით ტკბილი

თურქეთში ყავა იმ დროს უკვე საკმაოდ პოპულარული იყო. თურქული კანონებით, ქალს ჰქონდა უფლება, გაშორებოდა ქმარს, თუ იგი ცოლის ყავით უზრუნველყოფას ვერ შეძლებდა. არსებობდა ასეთი გამოთქმა – „ყავა უნდა იყოს ჯოჯოხეთივით შავი, სიკვდილივით ძლიერი და სიყვარულივით ტკბილი“. არსებობს ყავის მომზადების რამდენიმე წესი. აქედან დღემდე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია აღმოსავლური, ანუ თურქული წესით მომზადებული ყავა.

დღეში ორი ფინჯანი ყავა ასობით ათას ადამიანს იხსნის სიკვდილისგან: მეცნიერთა დასკვნა

საინტერესოა ყავის ტრადიციების დამკვიდრების ისტორია გერმანიაშიც. პირველი ადამიანი, რომელმაც ევროპელებს 1596 წელს ყავის მარცვლები გააცნო, გერმანელი ნატურალისტი ბელუსი იყო. 1675 წელს ჰოლანდიელმა იან დანცმა, პროფესიით ექიმმა, ყავის მარცვლები ჩრდილოეთ გერმანიაში ჩაიტანა და ბრემენში ყავახანა გახსნა. იმავე წელს პირველი ყავახანები ასევე გაიხსნა ჰამბურგსა და ჰანოვერში. მე-18 საუკუნის დასაწყისში ბერლინში უკვე 10 ყავახანა იყო, ხოლო ლაიფციგში — 8.

საინტერესოა, რომ თავდაპირველად ყავახანები უპირატესად მამაკაცებისთვის იყო განკუთვნილი, ასე რომ, საშუალო კლასის ქალები „კაფეჰაუზენში“ (Kaffeekräntschen — ყავის მოყვარულთა კლუბი) გაერთიანდნენ. მე-19 საუკუნის დასაწყისიდან გერმანიაში ჩამოყალიბდა ქალთა არისტოკრატიული ყავის საღამოების ტრადიცია. მამაკაცები ამ ქალებს kaffeeklatsch-ს, ანუ ყავის ჭორიკნებს უწოდებდნენ. ისიც საინტერესოა, რომ მუშათა კლასს ყავის სმა ეკრძალებოდა იმ საბაბით, თითქოს ის უშვილობას იწვევს. მაგრამ ამან მხოლოდ შავი ბაზრის აყვავება გამოიწვია. უკვე მე-19 საუკუნის დასაწყისში ყავის სმაზე ნებართვა კვლავ გაიცა.

ჯოჯოხეთივით შავი, სიკვდილივით ძლიერი და სიყვარულივით ტკბილი

ყავის საღამოები მალე მთელ გერმანიაში გავრცელდა. გერმანული „კაფეჰაუზენების“ უმრავლესობა ამავდროულად მუსიკალურ სალონებსაც წარმოადგენდა და იქ კონცერტები იმართებოდა.

1720 წლიდან მოყოლებული, 20 წლის განმავლობაში ლაიფციგში, „ციმერმანს კოფეჰაუზში“ (ციმერმანის ყავის სახლი, რომელიც მეორე მსოფლიო ომამდე არსებობდა და ომის დროს დაბომბვის შედეგად დაინგრა) იოჰან სებასტიან ბახი კონცერტებს მართავდა. ამ ყავახანაში ბახი დროდადრო, მეპატრონის დაკვეთით, მუსიკას წერდა, რომელიც ყავის სახლში ზამთარში პარასკეობით და ზაფხულში — ოთხშაბათობით სრულდებოდა. სწორედ ბახის კალამს ეკუთვნის ხელოვნების ისტორიაში ყავისადმი მიძღვნილი პირველი ნაწარმოები — სახუმარო „ყავის კანტატა“ (შეიქმნა 1732-1734 წლებში გერმანელი პოეტის პიკანდერის ლექსის მიხედვით). ბახის მიერ ამ სახუმარო კანტატის დაწერის ერთ-ერთი მიზეზი გერმანიაში გაჩაღებული მოძრაობა იყო, რომელიც ქალებს ყავის დალევას უკრძალავდა იმ მიზეზით, რომ ის ქალების სტერილიზებას, ანუ უშვილობას უწყობდა ხელს. კანტატის საკვანძო არიაა „ოჰ, რა ტკბილია ყავის გემო! უფრო ნაზია, ვიდრე ათასი ამბორი, ვიდრე მუსკატის ღვინო!“

გერმანიაში ყოველ წელს, 26 სექტემბერს „ყავის დღე“ აღინიშნება.

ეს ცილისწამებაა – ყავა გულს არ ვნებს: ექიმი მითებს ამსხვრევს>>

ყველასთვის ცნობილია ყავის სასარგებლო თვისებები, მაგრამ „ბოროტი ენები“ იმასაც ამბობენ, ეს სასმელი ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანიაო, მაგრამ რას გაიგებ… ფაქტია, რომ ყავამ საუკუნეებს გაუძლო, თავდასხმებსაც და აკრძალვებსაც და მაინც ადამიანთა უმრავლესობის უსაყვარლესი სასმელია. ერთი კია, გადაჭარბებული რაოდენობით ყველაზე სასარგებლო პროდუქტიც კი შეიძლება საწამლავად იქცეს და, მეორე მხრივ, საწამლავიც სასარგებლოა მცირე დოზით. ასე რომ, ენდეთ ინტუიციას…

ჯოჯოხეთივით შავი, სიკვდილივით ძლიერი და სიყვარულივით ტკბილი

და, ბოლოს, მეცნიერების დამსახურებით, ყავის მოყვარულებისთვის სასიამოვნო სიახლეები გვაქვს. წაიკითხეთ რამდენიმე მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა დავლიოთ ყოველდღე ყავა.

•    ყავა ანტიოქსიდანტების ძირითადი წყაროა. ადამიანის სხეული ყავიდან უფრო მეტ ანტიოქსიდანტებს იღებს, ვიდრე ხილ-ბოსტნეულიდან.

•    ყავის სურნელს ანტისტრესული ეფექტი აქვს. კორეელმა მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ყავის არომატი განსაკუთრებულ ზემოქმედებას ახდენს ცილებზე, რომლებიც ტვინის დაძაბულობასთან არის დაკავშირებული, და პოზიტიურად აზროვნებას ეხმარება.

•    ყავა პარკინსონის დაავადების სიმპტომების შემცირებას ეხმარება. 2012 წელს სამეცნიერო ჟურნალში Science Daily გამოქვეყნებულ სტატიაში ეწერა, რომ ყავა პარკინსონის დაავადების მქონე ადამიანებს საკუთარი მოძრაობების გაკონტროლებაში ეხმარება.

•    ყავა სასარგებლოა ღვიძლისთვის (განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ალკოჰოლური სასმელები უყვარს). 22 წლის განმავლობაში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ვინც თუნდაც ერთ ფინჯან ყავას სვამდა დღეში, ციროზის განვითარების ალბათობა 20%-ით შეუმცირდა.

•    ყავა ამცირებს თვითმკვლელობისადმი მიდრეკილებას. დღეში 2-4 ჭიქა ყავას თვითმკვლელობის რისკის შემცირება 50%-ით შეუძლია.

•    ამცირებს კანის კიბოს განვითარების რისკს ქალებში.

ჯოჯოხეთივით შავი, სიკვდილივით ძლიერი და სიყვარულივით ტკბილი

•    აუმჯობესებს სპორტულ შედეგებს. კოფეინი ზრდის სისხლში ცხიმოვანი მჟავების რაოდენობას, რაც კუნთებს ცხიმის შთანთქმისა და დაწვის, მის სხვა ენერგიად გარდაქმნის საშუალებას აძლევს. ეს ნახშირწყლების მარაგის შენახვას უწყობს ხელს, რომელსაც ორგანიზმი მოგვიანებით გამოიყენებს.

•    ამცირებს შაქრიანი დიაბეტით დაავადების რისკს. მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ადამიანები, რომლებიც დღეში სულ ცოტა ოთხ ფინჯან ყავას სვამენ, მათში მეორე ტიპის დიაბეტის განვითარების რისკი 50%-ით მცირდება.

•    ყავა ტვინის ეფექტურ მუშაობას უწყობს ხელს. ეს ტელეკომპანია CNN-მა დაამტკიცა.

•    ყავას შეუძლია უფრო ბედნიერი გაგხადოთ. ამერიკის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა: ადამიანები, რომლებიც კვირაში თუნდაც ოთხ ფინჯან ყავას სვამენ, 10%-ით უფრო ნაკლებად არიან მიდრეკილი დეპრესიისადმი, ვიდრე ადამიანები, რომლებიც ყავას საერთოდ არ სვამენ.