ტოჩინოშინი დაქვეითდა - ქართველი სუმოისტი მარტის ბაშოზე მე-7 მაეგაშირა იქნება

ტოჩინოშინისთვის მარტის სუპერტურნირი მის კარიერაში რიგით 90-ე ბაშო იქნება. ბაშო ტოკიოში გაიმართება და მას მაყურებელიც დაესწრება.
Sputnik

თბილისი, 1 მარტი - Sputnik. ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი, დაქვეითდა, ამას იაპონიის სუმოს ასოციაციის მარტის რეიტინგი ცხადყოფს.

ქართველმა სუმოისტმა წლის პირველი ბაშო უარყოფითი ბალანსით (4-11) დაასრულა, რაც განახლებულ რეიტინგზეც აისახა. ტოჩინოშინი აღმოსავლეთის მე-4 მაეგაშირას სტატუსს ატარებდა, ახლა კი ის აღმოსავლეთის მე-7 მაეგაშირაა.

ტოჩინოშინმა იანვრის ჰაცუ ბაშო წაგებით დაასრულა

მარტის ბაშოზე იოკუძუნას სტატუსით ორი სუმოისტი, ჰაკუჰო და კაკურიო იასპარეზებენ. ოძეკის რანგში შოდაი, ასანოიამა და ტაკაკეიშო გამოვლენ, ხოლო ტერუნოფუჯი და ტაკანოშო სეკივაკეს რანგში იქნებიან.

ტოჩინოშინი პროფესიულ სუმოში 2006 წლიდან გამოდის. უმაღლეს, მაკუუჩი დივიზიონში მისი დებიუტი 2008 წელს შედგა. რაც შეეხება მიღწევებს, ქართველ სუმოისტს იმპერატორის თასი ერთხელ აქვს მოგებული. ლევან გორგაძე კარიერის განმავლობაში შვიდჯერ იყო ოძეკის რანგში წარდგენილი. ქართველისთვის მარტის სუპერტურნირი 90-ე ბაშო იქნება.

მარტის (ჰარუ) ბაშო მსოფლიოში გავრცელებული პანდემიის გამო ტოკიოში 14-28 მარტს გაიმართება. ჩვეულებრივ ჰარუ ბაშოს იაპონიის ქალაქი ოსაკა მასპინძლობს ხოლმე.