ფრთხილად, მძღოლებო: საქართველოში საავტომობილო სიჩქარის კონტროლის კიდევ 4 სექცია ამოქმედდა

საგზაო უსაფრთხოების საკითხი საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტულია. 2019 წლის თებერვალში შემუშავდა სამოქმედო გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ავტომობილების ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და უსაფრთხო ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფას.
Sputnik

თბილისი, 1 მარტი – Sputnik. დღეიდან კახეთის რეგიონში, ახმეტის რაიონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საავტომობილო სიჩქარის კონტროლის 4 სექცია ამოქმედდა, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში

აღნიშნულ ლოკაციებზე სიჩქარის კონტროლის სექციები საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გამტკიცების მიზნით დამონტაჟდა.

კერძოდ, კონტროლის სექციები განთავსდა შემდეგ ადგილებზე:

  1. ახმეტის მუნიციპალიტეტი - სოფელ მატნიდან სოფელ დუისამდე
    (ნებადართული სიჩქარეა 80 კმ/სთ);
  2. ახმეტის მუნიციპალიტეტი - სოფელ დუისიდან სოფელ ჯოყოლომდე
    (ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ);
  3. ახმეტის მუნიციპალიტეტი - სოფელ ჯოყოლოდან სოფელ დუისამდე
    (ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ);
  4. ახმეტის მუნიციპალიტეტი - სოფელ დუისიდან სოფელ მატნამდე
    (ნებადართული სიჩქარეა 80 კმ/სთ).

უწყების ცნობით, სიჩქარის კონტროლის სექციური სისტემით სულ საქართველოს მასშტაბით უკვე 1.213 კმ სიგრძის საავტომობილო გზა გაკონტროლდება.

საქართველოს გზებზე დამონტაჟებული ჭკვიანი კამერები გათიშულია? - ექსპერიმენტის შედეგები

შსს-მ გზებზე კონტროლის გამკაცრება ავარიების შედეგად სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლის გამო გადაწყვიტა.

შსს ინფორმაციით, 2020 წელს საქართველოს მასშტაბით 4.999 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა დაფიქსირდა. გასულ წელს საქართველოში ავტოავარიების შედეგად 450 ადამიანი დაიღუპა, 6.640 ადამიანი კი დაშავდა.

საგზაო მოძრაობის მიმართულებით სტატისტიკის გაანალიზების და სიტუაციის შესწავლის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა სამოქმედო გეგმა, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ღონისძიებებს ავტოსაგზაო შემთხვევათა რიცხვის შესამცირებლად და მოძრაობის გასაუმჯობესებლად.