თუ მოსწავლე სწავლის საფასურს ვერ გადაიხდის – კერძო სკოლებს ვალდებულებებს დაუწესებენ

კანონპროექტის ინიციატორების განცხადებით, ვალდებულებების შეუსრულებლობა კერძო სკოლისთვის ავტორიზაციის გაუქმების საფუძველი გახდება.
Sputnik

თბილისი, 1 მარტი – Sputnik. კერძო სკოლებს მოსწავლისთვის ფინანსური დავალიანების გამო სტატუსის შეწყვეტაზე ვალდებულებები დაუწესდებათ – შესაბამისი ცვლილებების შეტანა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში იგეგმება. 

როდის დაიწყება საქართველოს სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები

კანონმდებლებმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე განიხილეს. საკანონმდებლო ინიციატივა დეპუტატებმა შალვა პაპუაშვილმა და გიორგი ამილახვარმა მოამზადეს.

მოქმედი კანონი არ ითვალისწინებს მოსწავლის სტატუსის შეწყვეტას ფინანსური დავალიანების გამო, რაც, როგორც კანონპროექტის ავტორები განმარტავენ, პრობლემას უქმნის როგორც კერძო სკოლას, ასევე მოსწავლეს. გარდა ამისა, კანონით რეგულირებული არ არის მობილობის სურვილის შემთხვევაში კერძო სკოლის ვალდებულება – დროულად გადასცეს მოსწავლის მიმღებ სკოლას შესაბამისი დოკუმენტაცია.

კანონპროექტის მიხედვით, კერძო სკოლა ვალდებული იქნება ფინანსური დავალიანების მქონე მოსწავლისთვის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე ან სხვა სკოლაში მობილობის სურვილის შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღების დღესვე აღნიშნულის შესახებ წერილობით აცნობოს განათლების სამინისტროს, ასევე მოსწავლის პირადი საქმე და სხვა სკოლაში ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაცია გადასცეს მოსწავლის მიმღებ სკოლას მოთხოვნის მიღებიდან მომდევნო სამუშაო დღეს.

გარდა ამისა, კერძო სკოლა უფლებამოსილი იქნება ფინანსური დავალიანების მქონე მოსწავლეს სტატუსი ფინანსური დავალიანების წარმოშობის სემესტრის დასრულებიდან მომდევნო სასწავლო სემესტრის დაწყებამდე შეუწყვიტოს. 

ზემოაღნიშნული ვალდებულებების შეუსრულებლობა კერძო სკოლისათვის ავტორიზაციის გაუქმების საფუძველი იქნება.

კანონპროექტის მიხედვით, თუ სტატუსშეწყვეტილი მოსწავლე სწავლას სხვა კერძო სკოლაში არ აგრძელებს, სამინისტრო კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სტატუსშეწყვეტილი მოსწავლისთვის საჯარო სკოლაში განათლების მიღების ხელმისაწვდომობას.