თბილისი, 28 თებერვალი – Sputnik. ველური ბუნების სააგენტოს ორგანიზებით, კრწანისის ტყე-პარკში, მდინარე მტკვარზე მძლავრი სატუმბი სადგურის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც მტკვრის წყალს 8 ტბასა და ჭალის ტყის კორომების სარწყავ არხებს მიაწვდის, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სამუშაოები დაფინანსებულია გლობალური გარემოსდაცვითი ფონდისა (GEF) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის „მტკვარი 2" მიერ.
აღსანიშნავია, რომ კრწანისის ტყე-პარკის განახლებისა და აღდგენის მიზნით მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში, მოეწყო 100 კვტ სიმძლავრის მზის ელექტროსადგური; ხეების უკანონო ჭრის აღკვეთის და ბრაკონიერებისაგან დაცვის მიზნით ტყე-პარკის ტერიტორიის 150 ჰა შემოიღობა. დაგეგმილია მტკვრის სახეობათა თევზსაშენის მშენებლობა, დამშრალი 7 ტბორის აღდგენა და დათევზიანება, 50-მდე საპიკნიკე ლოკაციის მოწყობა.
ველური ბუნების სააგენტოს მიერ მასშტაბური სამუშაოების განხორციელების შემდეგ პარკი თავის უმნიშვნელოვანეს ფუნქციას დაიბრუნებს.
„ტყე-პარკი რეკრეაციული სივრცეა თბილისსა და რუსთავს შორის. პარკში გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ფეხით, ველოსიპედით ან მინი ელექტროავტომობილით“, -აღნიშნულია სააგენტოს ინფორმაციაში.
კრწანისის ტყე-პარკი XX საუკუნის 60-იან წლებში შეიქმნა და მისი შექმნის მთავარი მიზანი ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება იყო. ბოლო ათწლეულებში პარკის მწვანე საფარი მოუვლელობის გამო მნიშვნელოვნად შემცირდა.