ფერმერები დიზელის საწვავზე შეღავათების მიღებას ონლაინ შეძლებენ

სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე თითოეული ფერმერი მის საკუთრებაში არსებული მიწის თითოეულ ჰექტარზე წელიწადში 150 ლიტრ საწვავს მიიღებს
Sputnik

თბილისი, 27 თებერვალი - Sputnik. ფერმერებს „აგროდიზელის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დიზელის საწვავზე ფასდაკლების მისაღებად რეგისტრაცია დისტანციურად, ვებგვერდის საშუალებითაც შეუძლიათ, ნათქვამია სოფლის განვითარების სააგენტოს Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამა 2021 წლის ბოლომდე გაგრძელდა

ფერმერებისთვის დიზელის საწვავის შეღავათიან ფასებში მიწოდება საქართველოს მთავრობის სოფლის დახმარების პროგრამის ერთ-ერთ პუნქტს წარმოადგენს. სოფლის განვითარების პროგრამა მიმართულია დარეგისტრირებული მიწების მფლობელთა ფერმერული მეურნეობების განვითარებისკენ. სწორედ მიწის რეგისტრაცია წარმოადგენს დახმარების განმსაზღვრელ ფაქტორს.

როგორც „აგროდიზელის“ პროგრამის მენეჯერმა, ლევან უროტაძემ აღნიშნა, ფერმერების აღნიშნული პროგრამით უკვე მეორე წელია სარგებლობენ. წელს პროგრამაში სიახლეა - ფერმერებს რეგისტრაცია და აგროდიზელზე ფასდაკლების მიღება ვებგვერდის my.mepa.gov.ge საშუალებითაც შეუძლიათ.

ფერმერებს ფასდაკლების ბარათების მიღება ასევე სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონულ სამსახურებშიც შეუძლიათ.

პროგრამით მოსარგებლე ფერმერებისთვის გათვალისწინებულია 1 ჰექტარზე 150 ლიტრის, ხოლო 100 ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე არაუმეტეს 15 ათასი ლიტრის ოდენობით საწვავის ფასდაკლების ბარათების გაცემა.

მთელი ქვეყნის მასშტაბით, დიზელის გაცემა ხორციელდება დადგენილი გრაფიკით: 1 თებერვლიდან 31 მარტის ჩათვლით გაიცემა არაუმეტეს 2 ათასი ლიტრი საწვავი, 1 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით -  დამატებით 1,5 ათასი ლიტრი, ხოლო 1 მაისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით - დარჩენილი რაოდენობა.

საქართველოში შეღავათებით საწვავზე 120 ათასზე მეტმა ფერმერმა ისარგებლა

პროგრამის ფარგლებში, საწვავის შეძენისას ბენზინგასამართ სადგურებზე ერთი ლიტრის ფასი 1,16 ლარს შეადგენს. ხოლო SOCAR Georgia Petrolium-ის საბითუმო ბაზებზე შეძენისას, რაც 1,5 ათას ტონაზე მეტი საწვავის შეძენას გულისხმობს, მისი ღირებულება 1,07 ლარს შეადგენს.

პროგრამა ხორციელდება მემორანდუმის საფუძველზე, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და კომპანია SOCAR Georgia Petroleum-ს შორის გაფორმდა. მასზე საბიუჯეტო სახსრები არ იხარჯება.