ბაკურიანში შშმ პირთა მონაწილეობით ჩემპიონატი გაიმართა

პროექტი ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებაში თანასწორუფლებიანი მდგომარეობის დამკვიდრებას
Sputnik

თბილისი, 27 თებერვალი – Sputnik. ბაკურიანში გაიმართა ჩემპიონატი „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა", რომელშიც მონაწილეობა განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებმა მიიღეს, იუწყება ტელეკომპანოა „რუსთავი 2“.

გავრცელებული ინფორმაციით, ტურნირში ჩართულები იყვნენ სამშვიდობო მისიებისა და სხვადასხვა საომარ მოქმედებაში დაჭრილი სამხედროები და ომის ვეტერანები, ასევე გორის, ზუგდიდის, ქუთაისის, ვანისა და თბილისის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები შშმ პირები.

„პირველად რაც წელს განვახორციელეთ, ეს გახლავთ ეტლი-თხილამურების ჩემპიონატი დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებს, ვეტერანებსა და შშმ პირებს შორის. ჩართული იყო მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა რეგიონები“, - განაცხადა ჩემპიონატის კოორდინატორმა, „ახალგაზრდული მედია კავშირის“ თავმჯდომარემ, ხათუნა გავაშელმა.

ახალი შანსი: შშმ პირებისთვის პროფესიული განათლება უფრო ხელმისაწვდომი გახდება

ტურნირი ოლიმპიური სისტემით გაიმართა და ჯამში 15 გამარჯვებული  გამოვლინდა – 3 ინდივიდუალურ, 12 კი გუნდურ შეჯიბრებაში. გარდამავალი თასი მოიპოვა ერთი წლით ამპუტანტმა მონაწილემ რუსლან ჩილაშვილმა, რომელმაც საუკეთესო შედეგი 26 მონაწილეს შორის აჩვენა.

ჩილაშვილმა ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ახლო მომავალში მსგავსი ღონისძიებები კვლავ გაიმართება.

ტურნირი პარასკევს გაიმართა.

ჩემპიონატი SOCAR Georgia Petroleum-ის მხარდაჭერით გაიმართა.

2020 წლის 28 ნოემბრიდან საქართველოს ზამთრის კურორტებმა მუშაობა შეაჩერეს – სასტუმროებს ეკრძალებოდათ დამსვენებლების მიღება, გაჩერებულია სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება, დაკეტილი იყო კაფეები და რესტორნები.

ზამთრის კურორტებზე სასტუმროები დღეს გაიხსნა, საბაგიროები კი 8 მარტიდან გაიხსნება.