ბაიდენი საუდის არაბეთს პოლიტიკაში „ახალი წესებით“ დაემუქრა

ეს განცხადება გაკეთდა ამერიკული სპეცსამსახურების მოხსენების ფონზე იმის შესახებ, რომ საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცმა ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის ლიკვიდაციის ბრძანება გასცა
Sputnik

თბილისი, 27 თებერვალი – Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საუდის არაბეთის მეფეს ორშაბათიდან „ახალ ცვლილებებს“ შეპირდა აშშ-ის პოლიტიკაში, ამის შესახებ РИА Новости წერს.

მანამდე ამერიკის სპეცსამსახურებმა განაცხადეს, რომ საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცმა მუჰამედ ბინ სალმანმა, სავარაუდოდ,  ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის ლიკვიდაციის ბრძანება გასცა. შედეგად შეერთებულმა შტატებმა რამდენიმე საუდელი მოქალაქის მიმართ სანქციები შემოიღეს, მაგრამ ეს სანქციები პრინც არ შეხებია.

„გუშინ ვესაუბრე მეფეს, პრინცს არა. გარკვევით ვუთხარი, რომ წესები იცვლება და დღეს და ორშაბათს მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ განვაცხადებთ“, - განაცხადა ბაიდენმა Univision-თან ინტერვიუში.

მოსაზრება: პრინცი და პრეზიდენტი – რატომ არ ასვენებს აშშ-ს პუტინისა და მუჰამედის ურთიერთობა

მისი თქმით, აშშ „ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის მათ პასუხისმგებლობას დააკისრებენ“.

როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, პარასკევს გადაიდგა „კონკრეტული ნაბიჯები იმისათვის, რომ მომავალში ანალოგიური ქმედებები აღიკვეთოს“ . ბლინკენმა ამ შემთხვევაში საუდის არაბეთის რამდენიმე მოქალაქის მიმართ სანქციების ამოქმედება იგულისხმა.

ბლინკენის მტკიცებით, აშშ-ის მიზანია არა ურთიერთობების გაწყვეტა საუდის არაბეთთან, არამედ ამ ურთიერთობების დახვეწა, და შეერთებული შტატები სამეფოს კვლავინდებურად გაუწევენ დახმარებას თავდაცვის სფეროში.

თავის მხრივ, საუდის არაბეთის ხელისუფლებამ უარყო აშშ-ის დაზვერვის მოხსენებაში ასახული დასკვნები და აღნიშნა, რომ დანაშაულში ბრალდებულ პირთა წინააღმდეგ სათანადო ზომები უკვე გატარდა.

ხაშოგის მკვლელობა

ჟურნალისტი, რომელიც საუდის არაბეთის ხელისუფლების მიმართ კრიტიკით გამოირჩეოდა, სტამბოლში არსებულ სამეფოს საკონსულოში 2018 წლის ოქტომბერში მოკლეს. თავდაპირველად ერ-რიადი უარყოფდა, რომ მამაკაცი დიპმისიის შენობაში გაუჩინარდა, თუმცა ვიდეო-და აუდიოჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ საუდის ხელისუფლებამ აღიარა, რომ ხაშოგი „საკონსულოს თანამშრომლებთან ჩხუბში“ მოკლეს.

თურქეთის პოლიციამ ჟურნალისტის ცხედარს ვერ მიაგნო.

არაბეთის მედიაში გაისმა ვერსიები იმის შესახებ, რომ ხაშოგის მოკვლის ბრძანება შესაძლოა სამეფოს ტახტის პრეტენდენტმა - პრინცმა მუჰამედ ბინ სალმანმა გასცა. თუმცა სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, პრინცს ამ დანაშაულთან არანაირი კავშირი არ აქვს.