COVID-19 საქართველოს სკოლებში: დისტანციურ სწავლაზე 11 სკოლა და 109 კლასი გადავიდა

მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის სავალდებულო ტესტირება ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს. პროცესს სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს.
Sputnik

თბილისი, 27 თებერვალი - Sputnik. სავალდებულო ტესტირების შედეგად, მიმდინარე კვირის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით COVID-19 მასწავლებლებისა და სკოლის თანამშრომლების 0.1%-ს და მოსწავლეთა საერთო რაოდენობის 0.03%-ს დაუდასტურდა, იუწყება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

ქვეყნის მასშტაბით ყველა სკოლის მასწავლებლისა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის მინიმუმ 20%-ს ყოველ ორ კვირაში ერთხელ სავალდებულო სისტემატური PCR ტესტირება უტარდება,  ხოლო დანარჩენი თანამშრომლები ე.წ. სწრაფი ტესტით მოწმდებიან. ტესტირების პროცესი 11 თებერვალს დაიწყო.

სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსის შემთხვევის გამოვლენის საფუძველზე, ასევე მშობლების მოთხოვნით, საქართველოს მასშტაბით დისტანციურ რეჟიმზე მიმდინარე კვირაში სრულად 11 სკოლა და 109 ცალკეული კლასი გადავიდა.
ვითარება ქობულეთში: ზედა სამების სკოლაში ექვს პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა

უწყების ცნობით, შესაბამისი სანიტარულ-ჰიგიენური პირობების უზრუნველყოფის მიმართულებით საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში ნორმები მაქსიმალურადაა დაცული. ამ კუთხით საქართველოს მასშტაბით რეკომენდაცია მხოლოდ რამდენიმე სკოლას მიეცა.

პროტოკოლის მიხედვით, ვირუსის გამოვლენის შემთხვევებში სკოლებზე კვლავ წერტილოვანი შეზღუდვები გავრცელდება. ისინი იმოქმედებენ ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლის გათვალისწინებით.

15 თებერვლიდან, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ  საქართველოს მასშტაბით 1-12 კლასის მოსწავლეები თავიანთ მერხებს დაუბრუნდნენ. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, V-XII კლასის მოსწავლეებისთვის სასკოლო სივრცეში აუცილებელია პირბადის ტარება. სკოლები უზრუნველყოფილია ყველა საჭირო ჰიგიენური საშუალებით.