ყაჩაღობა ზუგდიდში - დაღუპულია სავარაუდო თავდამსხმელი

ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული პირი ოქროს ბირჟაზე შეიჭრა და ერთ-ერთ გამყიდველს ოქროს ნივთები იარაღის მუქარით გასტაცა
Sputnik

თბილისი, 26 თებერვალი – Sputnik. ზუგდიდში სამართალდამცველებსა და ოქროს ბირჟაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილ ახალგაზრდა მამაკაცს შორის დაწყებული ორმხრივი სროლა მსხვერპლით დამთავრდა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.

უწყების ცნობით, ყაჩაღობა ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე 26 თებერვალს, დღის პირველ ნახევარში მოხდა.

ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული პირი ოქროს ბირჟაზე შეიჭრა და ერთ-ერთ გამყიდველს ოქროს ნივთები იარაღის მუქარით გასტაცა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ბანკზე თავდასხმა და მძევლების აყვანა ზუგდიდში: ფოტოები შემთხვევის ადგილიდან

სამართალდამცველებმა მომხდარი ყაჩაღობის ფაქტიდან მალევე, ცხელ კვალზე დაიწყეს ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებები.

„რუსთაველის ქუჩიდან მოშორებით, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენმა პირმა, მას შემდეგ, რაც სამართალდამცველები შენიშნა, მათი მიმართულებით იარაღიდან ცეცხლი გახსნა, რასაც პოლიციის მხრიდან, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, უკიდურესი ღონისძიების სახით, საპასუხო სროლა მოჰყვა, ვინაიდან არსებობდა მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფის რეალური საფრთხე“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

შემთხვევის ადგილზე თავდამსხმელი - 1996 წელს დაბადებული პირი პოლიციამ უგონო მდგომარეობაში ნახა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით ჩატარდება შესაბამისი ექსპერტიზები.