ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტზე ბრალდებულ პირებს პატიმრობა შეეფარდა

შსს-ს  ინფორმაციით, უწყების მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ჟურნალისტზე თავდასხმა მის პროფესიული საქმიანობას უკავშირდება
Sputnik

 

თბილისი, 26 თებერვალი –Sputnik. ტელეკომპანია „ფორმულას” ჟურნალისტ ვახტანგ სანაიასა და მის ოჯახზე თავდასხმის ფაქტზე  დაკავებულ სამ პირს თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა, იუწყება Rustavi 2.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი დაკავებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვდა. 

ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტზე დაკავებულ პირებს პროკურატურამ ბრალი წაუყენა

ტელეწამყვან ვახტან სანაიასა და მისი ოჯახის წევრებს უცნობი პირები 25 თებერვალს თბილისში, წყნეთის ქუჩაზე დაესხნენ თავს. თავდამსხმელების მოგერიებაში ჟურნალისტს დაეხმარნენ სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც მან მანქანის მოყინული გზიდან გამოსაყვანად გამოიძახა. 

სამართალდამცავებმა ვახო სანაიას მიმართ, მისი პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარის ფაქტზე 3 პირი დააკავეს.

თავად სანაია თავდასხმის ფაქტს მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირებს, რასაც პროკურატურაშიც ადასტურებენ. კერძოდ, უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ჟურნალისტ ვახტანგ სანაიას მისი პროფესიული საქმიანობის გამო დაესხნენ თავს.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.