უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები სწავლის აუდიტორიებში განახლებისთვის ემზადებიან

სასწავლო პროცესის განახლებასთან დაკავშირებით განათლების მინისტრის მოადგილეებმა უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების ხელმძღვანელებთან ონლაინ შეხვედრები გამართეს.
Sputnik

თბილისი, 26 თებერვალი – Sputnik. სასწავლო პროცესის განახლებასთან და პროფესიულ განათლებაში მიმდინარე სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა საჯარო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ონლაინ შეხვედრა გამართა, ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

ქვეყნის მასშტაბით მუზეუმებსა და ბიბლიოთეკებს 1 მარტიდან გახსნიან>>

შეზღუდვები, რომლებიც 25 თებერვლიდან  შემსუბუქდება - სრული ჩამონათვალი

უწყებათშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მასშტაბით მოქმედ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში 1 მარტიდან დასწრებული ფორმით განახლდება პრაქტიკული სწავლების კომპონენტი, ხოლო 15 მარტიდან მათ მიეცემათ საქმიანობისა და სასწავლო პროცესის აუდიტორიებში სრულად აღდგენის შესაძლებლობა. ამასთან, სწავლების ფორმატთან დაკავშირებით პროფესიული სასწავლებლების არჩევანი ნებაყოფლობითია და კონკრეტულ გადაწყვეტილებას ისინი სამინისტროსთან კონსულტაციით, ინდივიდუალურად მიიღებენ.

„შეხვედრის მონაწილეებმა დაადასტურეს, რომ სასწავლებლები აღჭურვილია ვირუსის პრევენციისთვის საჭირო ყველა რესურსითა და ინვენტარით. დაწესებულებების ადმინისტრაცია, პროფესიულ მასწავლებელთა კორპუსი და პროფესიული სტუდენტები სრულ მზადყოფნაში არიან, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით სასწავლო პროცესი აუდიტორიებში გააგრძელონ“, – ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

თამარ ქიტიაშვილის განცხადებით, სასწავლო პროცესის აუდიტორიაში განახლებასთან ერთად სამინისტრო დაიწყებს მხარდაჭერაზე ორიენტირებული მონიტორინგის პროცესს, რათა თავად დარწმუნდეს, რომ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა მიმდინარეობს უსაფრთხოების ყველა არსებული ნორმის გათვალისწინებით.

თავის მხრივ, განათლების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსთან ბექა ფერაძესთან ერთად, საქართველოს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან გამართა შეხვედრა და მათ უწყებათშორისი საბჭოს გადაწყვეტილებები გააცნო.

„კომენდანტის საათი" კვლავ ძალაში დარჩა>>

ნუნუ მიცკევიჩმა აღნიშნა, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობის აღდგენა ორ ეტაპად მოხდება. კერძოდ, 1 მარტიდან უნივერსიტეტებს კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული კომპონენტებისა და გამოცდების არადისტანციურ ფორმატში ჩატარების შესაძლებლობა მიეცემა. რაც შეეხება მეორე ეტაპს, 15 მარტიდან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს საშუალება ექნებათ, სრულად აღადგინონ საქმიანობა და სასწავლო პროცესი აუდიტორიებში განაახლონ.

კერძო და საჯარო საბავშვო ბაღები ფუნქციონირებას 1 მარტიდან განაახლებენ

მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ ორივე ეტაპზე უნივერსიტეტებისთვის არჩევანი ნებაყოფლობითი იქნება და კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებას ისინი სამინისტროსთან კონსულტაციით, ინდივიდუალურად შეძლებენ.

მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებით გამოყო უნივერსიტეტში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის აუცილებლობა და აღნიშნა, რომ თითოეული სტუდენტისა და აკადემიური პერსონალის ჯანმრთელობაზე ზრუნვა სამინისტროს უმთავრესი პრიორიტეტია. ამ მიზნით სამინისტრომ სასწავლო წლის დაწყებამდე უზრუნველყო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციების შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდება.

არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, რომლებიც 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით იყო ძალაში. ქვეყანაში არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, 8 თებერვლიდან მთავრობამ შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა ვადაზე ადრე დაიწყო.