მსახიობ ნინუცა მაყაშვილს 32 წელი შეუსრულდა. პოზიტიური არტისტი წლიდან წლამდე ერთგულ მაყურებელს სხვადასხვა სიახლეებით ანებივრებს. წელს მან ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დილის გადაცემაში ჟურნალისტის ამპლუა მოირგო და თაყვანისმცემლებს რამდენიმე ფაქტით დაამახსოვრა თავი. მათ შორის უკანასკნელი კურიოზი მის დას – რუსკა მაყაშვილს ეხება.
რუსკა მაყაშვილის თაყვანისმცემლებმა კარგად იციან, რომ მათი ფავორიტი მსახიობი ორსულად არის. ამ სიახლის შესახებ „ფოლოვერებს“ რამდენიმე თვის წინ რუსკამ თავად შეატყობინა, თუმცა ბავშვის სქესი არ დაუსახელებია. რუსკა მაყაშვილი „რუსთავი 2“-ის დილის ეთერში მისი დის ნინუცა მაყაშვილის რუბრიკის სტუმარი იყო, სადაც გაუთვალისწინებელი შემთხვევა მოხდა და ნინუცამ მომავალი დისშვილის სქესი გაამხილა.
„გაგვიმართლა და მეორე არის გოგო“, – აღნიშნა ნინუცამ, რაზეც რუსკას „არაერთგვაროვანი“ რეაქცია ჰქონდა. ტელეწამყვანი მალევე მიხვდა, რომ საიდუმლო გაამხილა. „შემდეგი ჩართვა ჩემი გასვენება იქნება, მომკლავს“ – განაცხადა ნინუცამ და, სავარაუდოდ, სხვა შემთხვევაში ამ კადრებს ამოჭრიდნენ, მაგრამ გადაცემა პირდაპირ ეთერში გადიოდა.
რუსკასთან შედარებით, ნინუცამ პირადი ცხოვრება ვერ ააწყო. მიუხედავად ამისა, ცნობილი ოჯახის წარმომადგენელი ფარ-ხმალს არ ყრის და მოტივირებული უბრუნდება ეკრანს. ნინუცა ადრეულ ასაკში დაოჯახდა. არტისტი 19 წლის იყო და ამ ნაბიჯს ძალიან ნანობს.
რუსკას და ნინუცას დედა თამარ მაყაშვილი 17 წლის იყო, როდესაც ეკონომისტ კოკა ცხვედიანზე ნაადრევად იქორწინა. მალე ორი გოგონა გაუჩნდათ და პრობლემებიც დაიწყო. წყვილმა ერთად სულ 5 წელი იცხოვრა. ურთიერთობა მაშინ აირია, როდესაც გოგონების მამამ ხატვა დაიწყო და ამ ყველაფერს ფინანსური პრობლემები მოჰყვა. წლების შემდეგ ნინუცამ და რუსკამ გვარი გააზრებულად შეიცვალეს. მათ ბიძა ზრდიდა და პატრონობდა, რამაც განაპირობა ცხვედიანიდან მაყაშვილის გვარზე გადასვლა.