ოპოზიცია ხელისუფლებას მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ორკვირიან ვადას აძლევს

ოპოზიციის გეგმებშია პარლამენტისა და მთავრობის კანცელარიის პიკეტირება, აქციები შსს-სთან და თბილისის საქალაქო სასამართლოსთან
Sputnik

თბილისი, 26 თებერვალი – Sputnik. ახალგაზრდული ორგანიზაცია „მოძრაობა საქართველოსთვის“ ხელისუფლებას მათი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ორკვირიან ვადას აძლევს, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსთაველის გამზირის გადაკეტვას გეგმავს.

მათი მოთხოვნებია ვადამდელი სპარლამენტო არჩევნები, პოლიტიკური დევნის შეჩერება, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელახალი დაკომპლექტება.

„ჩვენ სამ თვეზე მეტია ვაპროტესტებთ გაყალბებულ არჩევნებს. თუ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ მთელი რუსთაველის გამზირი იყოს კარვებით გადაკეტილი“, – განაცხადა ერთ-ერთმა აქტივისტმა ალეკო კუპრავამ. 

ოპოზიცია ხელისუფლებას მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ორკვირიან ვადას აძლევს

სხვადასხვა ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, მიუხედავად გადაადგილებაზე მოქმედი შეზღუდვის დაწყებისა, პარლამენტის შენობასთან ამ დრომდე რჩებიან.

რუსთაველის გამზირის ნაწილი ტრანსპორტისთვის კვლავ დაკეტილია. პარლამენტის შენობასთან 11 კარავია გაშლილი, რომლებშიც აქტივისტები ღამის გატარებას გეგმავენ.

დედაქალაქში დღეს ოპოზიციურმა პარტიებმა ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია გამართეს, რომელსაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონდან მათი მხარდამჭერებიც შეუერთდნენ. ოპოზიციამ ორი კვირის განმავლობაში თბილისში საპროტესტო აქციებისა და პიკეტების მოწყობა დააანონსა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.