ოპოზიცია საპროტესტო აქციისთვის ემზადება

ხელისუფლებამ უსაფრთხოების ზომები უკვე მიიღო. კანცელარიისა და პარლამენტის ეზოებში პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებული.
Sputnik

თბილისი, 26 თებერვალი – Sputnik. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა დაიწყეს მზადება მასშტაბური საპროტესტო აქციისთვის ლოზუნგით „თავისუფლებისთვის“ – კოლონები დაიძრნენ რეგიონებიდან, პარლამენტის შენობასთან სცენა მონტაჟდება.

გადაიხდის თუ არა გირაოს ნიკა მელია - დეკანოიძე პროკურატურის განცხადებას ეხმაურება

აქციის მონაწილეები ფილარმონიიდან პარლამენტის შენობისკენ მსვლელობით გაემართებიან, შემდეგ პარლამენტთან ძირითადი მიტინგი გაიმართება, ხოლო მოგვიანებით აქციის მონაწილეები სახელმწიფო კანცელარიასთან გადაინაცვლებენ და პროტესტს იქ დაასრულებენ.

აქციაზე რეგიონების წარმომადგენლებს ელოდებიან. ავტომობილების კოლონების ნაწილი უკვე გამოემართა თბილისისკენ, ხოლო ნაწილი წამოსასვლელად ემზადება. აქციისთვის ემზადებიან ასევე თბილისის ცენტრის სხვადასხვა ნაწილში და შემდეგ ძირითად მსვლელობას შეუერთდებიან.

მეორე მხრივ, სახელმწიფომ უკვე მიიღო უსაფრთხოების ზომები. სახელმწიფო კანცელარიისა და პარლამენტის ეზოებში მობილიზებული არიან სამართალდამცველები. პოლიციელები ასევე დაიცავენ წესრიგს აქციის ჩატარების ადგილზე.

საპროტესტო აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის სახლიდან თბილისში გადაინაცვლებენ

პროტესტის მიზეზი 23 თებერვალს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებაა. აქციაზე მოითხოვენ მელიასა და სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ასევე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას.

მელიამ უარი განაცხადა გირაოს გადახდაზე, რომელიც მას 2019 წელს თბილისში არეულობების საქმეზე შეუფარდეს, რადგან ეს უკანონობად მიაჩნია. თბილისის საქალაქო სასამართლომ მას პატიმრობა შეუფარდა.

ოპოზიციონერი ლიდერი სასამართლოს გადაწყვეტილებიდან მეექვსე დღეს დააკავეს, რამაც დიდი საერთაშორისო რეზონანსი გამოიწვია. გუშინ პროკურატურამ განაცხადა, რომ ნიკა მელიას გაათავისუფლებს, თუ ის გირაოს თანხას გადაიხდის. მაგრამ მელია გირაოს გადახდას არ პირებს.