იწყება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტების რეგისტრაცია

რეგისტრაციის ძირითადი ეტაპის ვადის ამოწურვის, ანუ 31 მარტის შემდეგ აბიტურიენტები ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის ვეღარ დარეგისტრირდებიან
Sputnik

თბილისი, 25 თებერვალი - Sputnik. საქართველოში 1 მარტიდან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება, ნათქვამია ქვეყნის შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებაში.

აბიტურიენტები რეგისტრაციას მხოლოდ ონლაინრეჟიმში გაივლიან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის რეგისტრაციის ვებგვერდზე (https://online.naec.ge/defonline/Selector.aspx).

ეროვნული გამოცდების ქულებს პლუს სკოლის ნიშნები – აბიტურიენტთა შეფასების წესი იცვლება

რეგისტრაციის გავლა ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდისათვის, აგრეთვე მასწავლებელთა საგნის გამოცდისა და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად შესაძლებელია 1 მარტის 10 საათიდან 31 მარტის 18:00 საათამდე.

აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი რამდენიმე ეტაპად ჩატარდება.

აბიტურიენტმა უნდა შეავსოს პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ცენტრის ადგილმდებარეობა (ქალაქი) და ჩასაბარებელი საგნები. რეგისტრაციის ძირითადი ეტაპის ვადის ამოწურვის შემდეგ (31 მარტი) აბიტურიენტები ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაციას ვეღარ გაივლიან.

უწყების ინფორმაციით, 31 მარტის 18:00 საათის შემდეგ აბიტურიენტს არ აქვს უფლება, შეცვალოს სარეგისტრაციო განცხადებაში საგამოცდო ცენტრის ადგილმდებარეობა (ქალაქი).

„აბიტურიენტს რეგისტრაციის მეორე ეტაპზე 15 აპრილის 18:00 საათამდე შეეძლება ჩასაბარებელი საგნის შეცვლა (წაშლა, დამატება), გამოცდის ენის შეცვლა ან კონკურსის (შემოქმედებითი ტურის) არჩევა“, - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოში აბიტურიენტებისთვის სიახლეები იგეგმება

15 აპრილის შემდეგ ჩასაბარებელ საგანთა ჩამონათვალში აბიტურიენტი ცვლილებას ვეღარ შეიტანს.

ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის საფასური (ერთი გამოცდისათვის) 10 ლარია. ამავე თანხას იხდის სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეც. პრაქტიკოსი მასწავლებლებისათვის დარეგისტრირება უფასოა, ხოლო მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის და მასწავლებლობის მსურველი პირებისათვის რეგისტრაციის საფასურია 50 ლარი.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი პასუხისმგებელია მხოლოდ საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდებზე (www.naec.ge; online.naec.ge; https://www.facebook.com/www.naec.ge/) განთავსებულ ინფორმაციაზე.

ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოში 2005 წლიდან ტარდება.