ბელარუსმა რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V"–ის წარმოება დაიწყო

ამ დრომდე ბელარუსი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას რუსეთისგან ყიდულობდა, მაგრამ ის უკვე ემზადება რუსული ტექნოლოგიით ვაქცინის ადგილზე წარმოებისთვის
Sputnik

 

თბილისი, 26 თებერვალი - Sputnik. ვაქცინა „სპუტნიკ V"–ის საცდელი ჩამოსხმა ბელარუსში 1 მარტიდან დაიწყება, პრეპარატი „ბელმედპრეპარატების“ ბაზაზე დამზადდება, განაცხადა პარასკევს ჯანდაცვის მინისტრმა დიმიტრი პინევიჩმა, იუწყება „Sputnik-ბელარუსი“.

როგორც მან აღნიშნა, რუს კოლეგებთან თანამშრომლობა სტრატეგიული ხასიათისაა და დასძინა, რომ ბელარუსმა უცხოეთის ქვეყნებიდან პირველმა ჩაატარა „სპუტნიკ V"–ის კლინიკური ცდები, დაარეგისტრირა პრეპარატი და დაიწყო წარმოება. 

კირილ დმიტრიევი: რუსეთის მტრებს „სპუტნიკ V“-ს ლიდერობა აშინებთ

ბელარუსში „ბელმედპრეპარატების“ ბაზაზე  იგეგმება თვეში 500 ათასი დოზა ვაქცინის დამზადება, თუმცა, ეს დამოკიდებული იქნება რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს შესაძლებლობებსა და საჭიროებებზე.

„სპუტნიკ V" რეგისტრირებულია 37 ქვეყანაში, ბელარუსი პირველი სახელმწიფო გახდა, რომელმაც რუსული პრეპარატის გამოყენება დაიწყო. 2020 წლის მიწურულს რუსული ვაქცინით დაიწყო სამედიცინო პერსონალის აცრა. ამჟამად აცრილია 30 ათასამდე ადამიანი.  

მოსალოდნელია, რომ ქვეყნის მოქალაქეთა მასობრივი ვაქცინაცია აპრილში დაიწყება. სახელმწიფო პოლიკლინიკებში ორი კომპონენტის მიღება უფასოდ იქნება შესაძლებელი, კერძო კლინიკებში - საფასურის სანაცვლოდ. იგეგმება 5,5 მილიონი ადამიანის აცრა. ვაქცინაცია ნებაყოფლობითია.

თებერვლის დასაწყისში რუსეთმა ბელარუსს კორონავირუსის ახალი ვაქცინა „ეპივაკორონა“ გადასცა, გასულ კვირას კი ქვეყანას ჩინეთმა - კომპანია „სინოფარმის“ მიერ წარმოებული 100 ათასი დოზა მიაწოდა.