ავიაიერიში სირიაში: შეერთებულმა შტატებმა პროირანელ ამბოხებულებს შეუტია

როგორც პენტაგონში აცხადებენ, ეს არის პასუხი იმ შეტევაზე, რომელიც ცოტა ხნის წინ განხორციელდა ერაყში ამერიკელი ჯარისკაცების წინააღმდეგ.
Sputnik

თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა წუხელ სირიის ინფრასტრუქტურაზე შეტევა მიიტანეს, იუწყება Politico წყაროზე დაყრდნობით.

ბაიდენი: აშშ-ის ინტერესების დასაცავად სამხედრო ძალას უყოყმანოდ გამოვიყენებ

პენტაგონმა დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია და დააზუსტა, რომ განადგურებულია ის შენობები, რომლებსაც ამბოხებული პროირანული ძალები იყენებდნენ.

„პრეზიდენტ ბაიდენის ბრძანებით, აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა დღეს, საღამოს ავიადარტყმები განახორციელა აღმოსავლეთ სირიის ინფრასტრუქტურაზე, რომლებითაც ირანის მიერ მხარდაჭერილი გასამხედროებული დაჯგუფებები სარგებლობდნენ. იერიშზე ნებართვა იმ შეტევების პასუხად გაიცა, რომლებიც ცოტა ხნის წინ განხორციელდა ამერიკელ და კოალიციის ჯარისკაცებზე ერაყში“, — ნათქვამია პენტაგონის წარმომადგენლის ჯონ კირბის განცხადებაში.

გარდა ამისა პენტაგონში აცხადებენ, რომ მიღებული ზომები „პროპორციული პასუხია, რომელიც დიპლომატიურ ზომებთან ერთად ტარდება“.

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ აღნიშნული ავიაიერიში სირიის აღმოსავლეთსა და ერაყში ვითარების დეესკალაციისკენ იყო მიმართული.