თბილისში სამშენებლო ამნისტია გამოცხადდება

პარლამენტი თბილისის მერიასთან ერთად მუშაობს კანონპროექტზე, რომელიც შეეხება იმ უნებართვო მშენებლობებს, რომლებიც უსაფრთხოების მოთხოვნებს აკმაყოფილებენ.
Sputnik

თბილისი, 26 თებერვალი – Sputnik. მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ გადაწყვეტილება მიიღო – თბილისში უკანონოდ აშენებულ ნაგებობებს ამნისტია შეეხება, განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.

უკანონო მშენებლობები თბილისში ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. გასული წლის დეკემბერში თბილისის მერიამ თბილისის გარეუბანში, ე.წ. აფრიკის დასახლებაში სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებულ ნაკვეთებზე რამდენიმე სახლის დემონტაჟი განახორციელა.

პარლამენტში მოსაზრებები კანონპროექტზე „სამშენებლო ამნისტიის შესახებ“ გაიყო

მართველი პარტია მერიასთან ერთად მუშაობს კანონპროექტზე, რომელიც შეეხება იმ უნებართვო მშენებლობებს, რომლებიც უსაფრთხოების მოთხოვნებს აკმაყოფილებს და გვერდით მცხოვრებთ პრობლემებს არ უქმნის. ასევე საუბარია ჯარიმების მოხსნაზე. შედეგად – ათიათასობით მოქალაქე დაირეგისტრირებს ბინებს და მიშენებებს, ექსპლუატაციაში ჩაბარდება სახლები და ბინები, მოქალაქეები აბონენტად დარეგისტრირდებიან, განაცხადა მდინარაძემ.

ამასთან, მმართველი პარტიის ერთ-ერთ ლიდერს კანონპროექტის მიღების ვადები არ დაუკონკრეტებია.

თბილისში 90-იან წლებში ქაოსურმა მშენებლობამ, როდესაც მოქალაქეები საკუთარ ბინებს სხვადასხვა მიშენებების ხარჯზე აფართოებდნენ, დღეს პრობლემები გამოიწვია. როგორც აღმოჩნდა, უმრავლესობა საცხოვრებელ სახლებს სპეციალური ნებართვის და უსაფრთხოების წესების დაცვის გარეშე აფართოებდა, რამაც მეზობელი სახლების და ბინების მცხოვრებლებს საფრთხე შეუქმნა. მსგავსი ქაოსური მიშენებების შედეგად ყველაზე მეტად ქალაქის ისტორიული ნაწილი დაზარალდა.