ბიზნეს-ასოციაცია: აუცილებელია კომენდანტის საათის თუნდაც 23:00 საათამდე გადაწევა

საქართველოს ხელისუფლება აპირებს რაც შეიძლება სწრაფად აღადგინოს ტურიზმი და ტურისტებისთვის უსაფრთხო გარემო შექმნას
Sputnik

თბილისი, 26 თებერვალი – Sputnik. საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე ტურიზმის სფეროში არსებულ მდგომარეობასა და იმ ღონისძიებებზე ისაუბრეს, რომელიც ტურისტული სექტორის დროულ აღდგენას შეუწყობს ხელს, იუწყება პირველი არხი.

შეხვედრაზე, რომელსაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი და ბიზნეს–სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ერთ–ერთი ძირითადი საკითხი  ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა იყო.  

გაბუნია: გადაადგილების შეზღუდვა მობილობის კონტროლისთვის ყველაზე ეფექტიანი გამოდგა

24 თებერვალს საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 28 ნოემბრიდან მოქმედი კოვიდ-შეზღუდვების შემსუბუქების მორიგი გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა, ძალაში დატოვა 21:00 საათიდან 05:00 საათამდე ქუჩაში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა.

კომპანიების წარმომადგენელთა განცხადებით, „კომენდანტის საათი“ ნეგატიურ გავლენას ახდენს ბიზნესზე და ზრდის ოპერირების ხარჯებს, რაც რთულ ფინანსურ მდგომარეობაში მყოფ  ბიზნესს დამატებით მძიმე ტვირთად აწვება.

„უკიდურესად აუცილებელია „კომენდანტის საათის“ თუნდაც ორი საათით, 23:00 საათამდე გადაწევა. იმედს გამოვთქვამთ, რომ ხელისუფლება გაითვალისწინებს ჩვენს თხოვნას, რადგანაც ამ გადაწყვეტილების მიღება უაღრესად მნიშვნელოვანია როგორც კომპანიების ასევე ამ კომპანიებში დასაქმებული თანამშრომლების სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად“, – განაცხადა საქართველოს ბიზნეს–ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

თავის მხრივ, ტურიზმის ადმინისტრაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნო ტურიზმის მხარდაჭერის მარკეტინგული სტრატეგია, რომელშიც განსაკუთრებული ყურადღება უსაფრთხო ტურიზმის აღდგენის მნიშვნელობაზეა გამახვილებული. 

მედეა ჯანიაშვილის თქმით, მიმდინარეობს ტურიზმის, როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი ანტიკრიზისული გეგმის შემუშავება, რომელიც ერთგვარი სახელმძღვანელო იქნება პოსტკოვიდურ პერიოდში. 

ბიზნეს–ასოციაციებმა პრემიერ-მინისტრის სახელზე ერთობლივი მიმართვა გაავრცელეს

„შეხვედრაზე საუბარი შეეხო კომპანიების თანამშრომლების სავალდებულო ტესტირებას, პოსტ-კოვიდური საერთაშორისო მოგზაურობის უახლეს ტენდენციებსა და კერძო სექტორის ხელშეწყობის საკითხებს მიწოდებული სერვისების ხარისხის გაუმჯობესების კუთხით“, - განაცხადა ჯანიაშვილმა.

 კორონავირუსის პანდემიამ საქართველოს ეკონომიკას უზარმაზარი ზარალი მიაყენა და ეს, ფაქტობრივად, ყველა სფეროს შეეხო. ბევრი ადამიანი დარჩა უმუშევარი. ბიზნესი სტაგნაციაშია და ვინც შეინარჩუნა სამუშაო, ყოველდღიურად იბრძვის გადარჩენისთვის. სიტუაციას მოქმედი შეზღუდვებიც აღრმავებს. ბიზნეს–სექტორის წარმომადგენლები აქტიურად მოითხოვენ შეზღუდვების მოხსნას, რათა ეკონომიკა ნელ–ნელა გამოცოცხლდეს.

საქართველოში „კომენდანტის საათი“ 2020 წლის 9 ნოემბრიდან მოქმედებს. თავიდან მოქალაქეების გადაადგილება იკრძალებოდა 22:00–05:00 საათამდე პერიოდში, თუმცა, ეპიდვითარების გაუარესების გამო, დრო ერთი საათით გაიზარდა  და  აღნიშნული შეზღუდვა 28 ნოემბრიდან 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში მოქმედებს.