ესენინი, ლერმონტოვი და საქართველო: სერია „რუსები საქართველოში“ ახალი წიგნებით შეივსო

პროექტი „რუსები საქართველოში“ უკვე მერამდენე წელია მკითხველს მოუთხრობს გამოჩენილ რუს მოღვაწეებზე, რომელთაც კვალი დატოვეს საქართველოს კულტურაში
Sputnik

 

თბილისი, 26 თებერვალი - Sputnik. თბილისის საერთაშორისო კულტურულ–საგანმანათლებლო კავშირმა Русский клуб–მა სერიის „რუსები საქართველოში“ ფარგლებში, ათი ახალი წიგნი გამოუშვა. წიგნები ეძღვნება პოეტებს მიხეილ ლერმონტოვს, სერგეი ესენინს, ოლიმპიურ ჩემპიონს მძლეოსნობაში ვიქტორ სანეევს, მსახიობებს ლუდმილა არტემოვა-მღებრიშვილსა და ვალენტინა ვოინოვას, მსახიობ ანატოლი სმირანინს და სხვ.

უფრო დეტალურად გამოცემებზე „Sputnik-საქართველოს“ მულტიმედიურ პრესცენტრში ავტორებმა ისაუბრეს. 

ესენინი, ლერმონტოვი და საქართველო: სერია „რუსები საქართველოში“ ახალი წიგნებით შეივსო

ჟურნალ Русский клуб–ის მთავარი რედაქტორის და სერიის „რუსები საქართველოში“ რედაქტორის ალექსანდრ სვატიკოვის თქმით, ორგანიზაციამ მოახერხა სერიის გაგრძელება კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ რთულ პირობებშიც კი. პროექტი არ შეწყვეტილა, არამედ პირიქით - სიცოცხლე განაგრძო და მკითხველს ახალი საინტერესო გმირების ისტორიებს სთავაზობს.

 „ყველანი ვალში ვართ ესენინთან“

პოეტი, ჟურნალისტი, ჟურნალ Русский клуб–ის მთავარი რედაქტორის მოადგილე ვლადიმერ გოლოვინი მუშაობდა წიგნზე, რომელიც რუს პოეტ სერგეი ესენინს მიეძღვნა. გოლოვინმა საუბარი დაიწყო ფრაზით - „ჩვენ ყველანი ვალში ვართ ესენინთან“. 

ესენინი, ლერმონტოვი და საქართველო: სერია „რუსები საქართველოში“ ახალი წიგნებით შეივსო

 „ჩვენი ქალაქი ვალშია, ვინაიდან ვერც კი მოვიფიქრეთ, ესენინის სახელი გვეწოდებინა ქუჩისთვის, რომელზეც ის ცხოვრობდა. ვალშია ქალაქი ბათუმი, სადაც მან შესანიშნავი ლექსები დაწერა, სადაც შეიქმნა მისი სპარსული მოტივების დიდი ნაწილი, რაზეც ბევრს წარმოდგენაც არა აქვს. ვალში ვარ მე თავად, რადგან ვიზრდებოდი იმ სახლის მახლობლად, სადაც ის ცხოვრობდა“, - აღნიშნა გოლოვინმა.

ავტორმა ხაზი გაუსვა, რომ წიგნი ძალიან საინტერესოა და მკითხველს მოუთხრობს ესენინის მიერ საქართველოში გატარებულ დღეებზე (ის აქ ორჯერ იმყოფებოდა), ასევე ადამიანებზე, რომლებიც გენიალურ პოეტს საქართველოში მასპინძლობდნენ.

პანდემიის „პლუსები“

თუ ალექსანდრ სვატიკოვის თქმით, მას პანდემიის პირობებში მუშაობა გაუჭირდა, გრიბოედოვის სახ. თეატრის მუზეუმის დირექტორმა, ჟურნალ Русский клуб–ის სარედაქციო კოლეგიის წევრმა ინა ბეზირგანოვამ პანდემიას „პლუსებიც“ გამოუძებნა. როგორც მან აღნიშნა, პანდემიამ შექმნა შესანიშნავი გარემო წიგნზე განმარტოებით და მთელი არსებით მუშაობისთვის.

ბეზირგანოვას წიგნი „თავდაჯერებულობის საოცრება“ ეძღვნება საქართველოს სახალხო არტისტს ნელი კილოსანიძეს. 

ესენინი, ლერმონტოვი და საქართველო: სერია „რუსები საქართველოში“ ახალი წიგნებით შეივსო

 „ეს მსახიობი მართლაც საოცარ თავდაჯერებას ავლენდა, - ამბობს ავტორი - მთელი მისი ცხოვრება ამ ადამიანური თვისების გამოხატულება იყო. ის იყო შესანიშნავი მსახიობი, შესანიშნავი დედა, ყოველივე არაჩვეულებრივის განსახიერება“.  

ინა ბეზირგანოვამ აღნიშნა, რომ წიგნზე მუშაობაში დაეხმარა მსახიობის ქალიშვილი ელენე კილოსანიძე, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში აგროვებდა მასალებს დედაზე. „იმედი მაქვს, წიგნი მკითხველს დააინტერესებს. ის იყო გრიბოედოვის თეატრის წამყვანი მსახიობი რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში“, - განაცხადა ბეზირგანოვამ.

სერიის „რეკორდსმენი“

სერიის ერთგვარი რეკორდსმენი გახდა ნინა ზარდალიშვილი-შადური, სერიის კოორდინატორი, გრიბოედოვის თეატრის ლიტერატურული ნაწილის ხელმძღვანელი, რომელმაც მოამზადა წიგნი ერთბაშად სამ ადამიანზე: გრიბოედოვის თეატრის მსახიობზე, საქართველოს სახალხო არტისტ მავრა პიასეცკიზე, რუს პოეტ მიხეილ ლერმონტოვზე და ოლიმპიურ ჩემპიონზე, ვიქტორ სანეევზე.  

ესენინი, ლერმონტოვი და საქართველო: სერია „რუსები საქართველოში“ ახალი წიგნებით შეივსო

„ვერ ვიტყვი, სულ რამდენი წიგნი დავწერე ამ სერიისთვის, მაგრამ ამჯერად მართლაც აღმოვჩნდი ერთგვარი რეკორდსმენი, ვინაიდან მერგო სამი გმირი და სამივე სრულიად განსხვავებული. თითოეული მათგანი არაჩვეულებრივად საინტერესო პიროვნებაა“, - აღნიშნა ზარდალიშვილმა-შადურმა.

მისი სიტყვებით, სანეევისადმი მიძღვნილ წიგნზე მუშაობამ მას განსაკუთრებული სიამოვნება მიანიჭა, ვინაიდან სანეევის პიროვნება მას ძალიან მოსწონს და აინტერესებს.

 „ეს წიგნი განსაკუთრებულია იმით, რომ მთავრდება ვიქტორ სანეევთან ექსკლუზიური ინტერვიუთი. ჩვენ მოვახერხეთ მასთან ავსტრალიაში დაკავშირება. ცნობილია, რომ იგი დიდი ხანია სიდნეიში ცხოვრობს. ტელეფონით ვესაუბრე და ჩვენი საუბარი ამ წიგნში შევიდა“, - აღნიშნა ავტორმა. 

ესენინი, ლერმონტოვი და საქართველო: სერია „რუსები საქართველოში“ ახალი წიგნებით შეივსო

ჟურნალის მთავარმა რედაქტორმა ალექსანდრ სვატიკოვმა საუბრისას აღნიშნა, რომ თბილისში სერია „რუსები საქართველოში“ დიდ ინტერესს იწვევს. ამჟამად წიგნის 700 ეგზემპლარი დაიბეჭდა.

„როგორც კი თეატრი გაიხსნება, ვფიქრობ, წიგნები ცხელი ფუნთუშებივით ელვის სისწრაფით გაიყიდება“, - თქვა სვატიკოვმა.

სერიის „რუსები საქართველოში“ ფარგლებში უკვე გამოვიდა წიგნები ლევ ტოლსტოიზე, ვლადიმერ მაიაკოვსკიზე, ბელა ახმადულინაზე, ბორის პასტერნაკზე, ოსიპ მანდელშტამზე, ნიკოლაი გუმილიოვზე, ვლადიმერ ნემიროვიჩ-დანჩენკოზე, გიორგი ტოვსტონოგოვზე და სხვ.