ყვითელი ამბები

„ჩემ რძალსაც დაარტყეს...“ – ვახო სანაია თავდასხმის დეტალებს იხსენებს

ვახო სანაიას და მასთან ერთად მყოფ ცოლის ნათესავს წუხელ რამდენიმე პირი თავს დაესხა. შსს-მ სამი პირის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
Sputnik

თბილისი, 25 თებერვალი – Sputnik. ტელეკომპანია „ფორმულის“ წამყვანი ვახო სანაია „ფორმულასთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ გუშინდელი თავდასხმის შედეგად დაზიანებები თავისა და ფეხის არეში მიიღო.

ვახო სანაიას თქმით, კონფლიქტი თავდამსხმელებს და მას შორის სიტყვიერი შელაპარაკებით დაიწყო.

„ერთ-ერთმა პირმა გადაინაცვლა ოდნავ მოშორებით და იქიდან დაიწყო გინება, შემდეგ შემოუარა მანქანას და ვიგრძენი, რომ მიახლოვდებოდა სირბილით. მუშტებმოღერებული უნდა დამსხმოდა თავს, როცა ინსტიქტურად გავიწიე და ეს პირი წაიქცა. მოყინული იყო და მეც ამისრიალდა ფეხი და წავიქეცი. ამ დროს დანარჩენი ორი მოვიდა და დაიწყეს ფიზიკური შეურაცხყოფის მოყენება... ჩემს რძალასაც დაზიანებები აქვს, მასაც კი დაარტყეს“, – გაიხსენა ჟურნალისტმა.

ვახო სანაიას და მასთან ერთად მყოფ ცოლის ნათესავს რამდენიმე პირი თავს წუხელ დაესხა. ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ უწყების წარმომადგენლებმა სამი პირი დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულებმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჯგუფურად ფიზიკური ძალადობა განახორციელეს ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტის - 1985 წელს დაბადებული ვ.ს.-ს და მისი მეუღლის ნათესავის 1986 წელს დაბადებულ ნ.მ.-ს მიმართ“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.