თალაკვაძე: ქართული ოპოზიცია მაინც დაბრუნდება პარლამენტში

მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ოპოზიციასთან მოლაპარაკებებისთვის მზადაა, განაცხადა პარლამენტის სპიკერმა.
Sputnik

თბილისი, 25 თებერვალი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე დარწმუნებულია, რომ ამჟამად ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიცია საბოლოო ჯამში საკანონმდებლო ორგანოში მაინც შევა. 

სანქციები და პროტესტი: ოპოზიციამ თავისი გეგმების შესახებ განაცხადა

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, პარტია „ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“ არასდროს შეუწყვეტია ოპოზიციასთან მოლაპარაკებების პროცესი, პირიქით, ყოველთვის მხარს უჭერდა მხარეებს შორის დიალოგის გამართვას.

„ჩვენ სრულ მზადყოფნაში ვართ და ამ სამი თვის განმავლობაში ყოველთვის მზად ვიყავით სამართლიანი მოლაპარაკებებისა და სამართლიანი შეთანხმებისთვის“, – განაცხადა თალაკვაძემ ჟურნალისტებთან ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებით.

პარლამენტის სპიკერის განმარტებით, მოლაპარაკებები მხოლოდ სამართლიან პირობებშია შესაძლებელი.

ამ ეტაპზე საპარლამენტო საქმიანობაში ორი ოპოზიციური პარტია „ევროპელი სოციალისტები“ და „მოქალაქეები“ არიან ჩართული.

მხარეებს შორის მოლაპარაკებების განახლების საკითხი განსაკუთრებით მწვავედ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავების შემდეგ დადგა. მელიას დაკავებიდან რამდენიმე საათში ოპოზიციამ ქუჩის საპროტესტო აქციების დაწყება დააანონსა. ოპოზიციური პარტიების პირველი ნაბიჯი თბილისში 26 თებერვალს ფართომასშტაბიანი აქცია–მსვლელობის ჩატარებაა.

მელიას დაკავებამ საერთაშორისო საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია. პრაქტიკულად ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ და დასავლელმა პარტნიორმა მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდა. მოლაპარაკებების მაგიდასთან შეხვედრა შესთავაზა ოპოზიციას პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც, რომელმაც, ამავე დროს, პარლამენტში სამთავრობო პროგრამის წარდგენისას კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა ოპოზიცია.

ოპოზიცია პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას მოითხოვს.

ადრე ოპოზიციამ და მმართველმა პარტიამ, საერთაშორისო დიპლომატების შუამავლობით, მოლაპარაკებების ოთხი რაუნდი გამართეს, რასაც არანაირი შედეგი არ მოუტანია.