თბილისი, 25 თებერვალი – Sputnik. თბილისიდან ქუთაისის მიმართულებით მგზავრობა დიდუბის ავტოსადგურში დღეიდან სამი ლარით გაძვირდა, აცნობეს „Sputnik-საქართველოს“ დიდუბის ავტოსადგურში.
თუ ადრე დიდუბიდან ქუთაისში მიმავალი მგზავრები მიკროავტობუსის ერთ ბილეთში 12 ლარს იხდიდნენ, დღეიდან მათ ამისთვის 15 ლარი დასჭირდებათ.
რაც შეეხება სხვა მიმართულებებს, ავტოსადგურში არ გამორიცხავენ, რომ ბილეთის ფასები შეიძლება სხვა ქალაქებში მოძრავ მიკროავტობუსებშიც გაიზარდოს, თუმცა, ზუსტი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით ორშაბათს ექნებათ.
ქუთაისისა და ზუგდიდის მიმართულებით ავტობუსებითა და მიკროავტობუსებით მგზავრობა 1 მარტიდან ძვირდება სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ავტოსადგურიდანაც.
როგორც ავტოსადგურ „დედაქალაქში“ „Sputnik–საქართველოს“ აცნობეს, ქუთაისის მიმართულებით მგზავრობის ფასი 10-დან 15 ლარამდე მოიმატებს, ხოლო ზუგდიდის მიმართულებით 15 ლარის ნაცვლად მგზავრებს ერთ ბილეთში 20 ლარის გადახდა მოუწევთ.
აღსანიშნავია, რომ არ ძვირდება ბილეთების ფასი და ისევ 20 ლარი ეღირება ოზურგეთის, ბათუმისა და ფოთის მიმართულებით მოძრავი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მგზავრებისთვის.
ავტოსადგურ „დედაქალაქში“ აღნიშნეს, რომ მგზავრობის ღირებულების გაძვირება საწვავის ფასების ზრდამ გამოიწვია.
ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო ქვეყანაში 28 ნოემბრიდან აკრძალული იყო მგზავრების გადაყვანა როგორც ავტობუსებითა და მიკროავტობუსებით, ისე რკინიგზით. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული რიგი შეზღუდვები იხსნება. მათ შორის, 25 თებერვლიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა განახლდა. კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, მძღოლებსა და მგზავრებს ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ.