ვითარება ქობულეთში: ზედა სამების სკოლაში ექვს პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა

გუშინ სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა ქობულეთის №3 საჯარო სკოლა, სადაც კორონავირუსი 9 პედაგოგს და 5 მოსწავლეს დაუდასტურდა.
Sputnik

თბილისი, 25 თებერვალი – Sputnik. ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა სამების საჯარო სკოლის ექვს პედაგოგს COVID-19​ დაუდასტურდა, იუწყება „აჭარის ტელევიზია".

ამ დროისათვის სასწავლო დაწესებულება დროებით დაიხურა და ორი კვირის განმავლობაში ის ფუნქციონირებას დისტანციურ რეჟიმში გააგრძელებს. 

ქობულეთის №3 საჯარო სკოლაში კორონავირუსით ინფიცირების 14 შემთხვევა დაფიქსირდა
 

„გუშინ ზედა სამების საჯარო სკოლაში სწრაფი ტესტით მასწავლებლების გეგმური ტესტირებისას ინფიცირების ერთი შემთხვევა დადასტურდა. ეპიდემიოლოგებმა პედკოლექტივში აღნიშნულ პირთან ახლო კონტაქტში მყოფი მასწავლებლების გამოკვლევა დაიწყეს. PCR-ტესტმა ხუთი პედაგოგის შემთხვევაში დადებითი პასუხი დააფიქსირა. ინფიცირების ახალი შემთხვევების გამოვლენის მიზნით კვლევები ამ დრომდე გრძელდება", – განაცხადეს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.

გუშინ კორონავირუსის 14 შემთხვევა დაფიქსირდა ქობულეთის №3 საჯარო სკოლაშიც – ინფიცირებულთა შორის 9 პედაგოგი და 5 მოსწავლეა. ქობულეთის რესურს-ცენტრის გადაწყვეტილებით, აღნიშნული სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.

საქართველოს მასშტაბით საკლასო ოთახებში სასწავლო პროცესი 15 თებერვლიდან განახლდა. ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, გორსა და თელავში სწავლა უფრო ადრე, 1 თებერვლიდან აღდგა.

ბოლო მონაცემებით, გასულ დღე-ღამეში ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილი კორონავირუსის 362 ახალი შემთხვევიდან 25 შემთხვევა აჭარაში დაფიქსირდა.