თბილისი, 25 თებერვალი - Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ნორვეგიული და იტალიური კომპანიების კუთვნილი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე საქართველოს სამ მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიების სახით 7 წლით პატიმრობა შეუფარდა, ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ნორვეგიული და იტალიური საწარმოების კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხების მოტყუებით დაუფლების მიზნით, 2020 წლის მარტი-მაისის თვეებში, ბრალდებულებმა არარეზიდენტი იურიდიული პირების მსგავსი სახელწოდების მქონე საწარმოები დააფუძნეს და საქართველოში მოქმედ საბანკო დაწესებულებებში ანგარიშები გახსნეს.
უწყების ცნობით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა კომპანიების ელექტრონულ ფოსტაში ჰაკერულად შეაღწიეს, შეისწავლეს კომპანიების ბიზნესსაქმიანობა და ამ კომპანიების შეცდომაში შეყვანის მიზნით მათი რეალური ბიზნეს-პარტნიორების საბანკო ანგარიშების მონაცემები შეცვალეს.
ამის შედეგად 2020 წლის მაისში ნორვეგიული და იტალიური კომპანიებისთვის ბიზნესსაქმიანობისთვის განკუთვნილი ფულადი თანხები რეალური თანხის მიმღებების ნაცვლად ბრალდებულების ანგარიშზე ჩაირიცხა.
აღნიშნული ქმედების შედეგად ნორვეგიულ და იტალიურ კომპანიებს დიდი ოდენობით - 470.4 სთასი ლარის ეკვივალენტი ევროს ზიანი მიადგათ.
უწყებაში აცხადებენ, რომ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულადი თანხების ნაწილი, საბანკო ანგარიშებიდან განაღდების შემდგომ, წინასწარ შეთანხმებული პროცენტულობის შესაბამისად, ჯგუფის წევრებს შორის განაწილდა.
2020 წლის 19 ივნისს დაკავებულ ორ პირს და მიმალვაში მყოფ ერთ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინათ (დიდი ოდენობით თაღლითობა ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ).
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნორვეგიულ კომპანიას 304.721 ლარის ოდენობის თანხა დაუბრუნდა.