პროკურატურამ ნიკა მელიას გათავისუფლების პირობები დაასახელა

ოპოზიციონერი ლიდერის დაკავებამ საერთაშორისო რეზონანსი გამოიწვია და კიდევ უფრო გაამწვავა პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში
Sputnik

თბილისი, 25 თებერვალი - Sputnik. საქართველოს გენერალური პროკურატურა მზად არის გაათავისუფლოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია, თუ ის 2020 წლის ნოემბერში მისთვის დაკისრებულ 40 ათასიან გირაოს გადაიხდის, განაცხადა ბრიფინგზე პროკურორმა ამირან გულუაშვილმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნიკა მელიას საქმე წარმოებაში არ მიიღო

შსს-ს სპეციალური დანიშნულების რაზმმა მთავარი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია პარტიის ოფისში 23 თებერვალს დააკავა. 17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ მელიას 2019 წლის 20–21 ივნისის საქმესთან დაკავშირებით დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მელიამ უარი განაცხადა გირაოს გადახდაზე, რომელიც მას აღკვეთის ალტერნატიულ ღონისძიებად შეეფარდა. 

„ნიკანორ მელიას პატიმრობა არ არის პროკურატურის თვითმიზანი. შესაბამისად, დაცვის მხარის მიერ... განსაზღვრული გირაოს (40 ათასი ლარი - რედ.) პირობების შესრულების შემთხვევაში, ბრალდების მხარე გამოთქვამს მზადყოფნას მიმართოს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე“, - განაცხადა გულუაშვილმა.

მელიას დაკავებამ საერთაშორისო რეზონანსი გამოიწვია და ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო გააღრმავა და გაამწვავა. ოპოზიციის მომხრეები პარასკევს 26 თებერვალს თბილისში მასშტაბურ აქციას გეგმავენ, სადაც ოპოზიცია თავის მოთხოვნებს გააჟღერებს, მათ შორის ნიკა მელიას გათავისუფლებას მოითხოვს.