საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა აღდგა – სამარშრუტო ტაქსები ახალი გრაფიკით იმოძრავებენ

კორონავირუსის გავრცელების რისკის თავიდან ასაცილებლად ხაზზე მოძრავ ყველა სამარშრუტო მიკროავტობუსს დეზინფექცია ყოველდღიურად ჩაუტარდება.
Sputnik

თბილისი, 25 თებერვალი – Sputnik. ღამით გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით მიკროავტობუსები რუსთავი–თბილისის ხაზზე ახალი გრაფიკით იმოძრავებენ, იუწყება „პირველი არხი“.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული რიგი შეზღუდვები იხსნება. მათ შორის, 25 თებერვლიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა განახლდა. ჯერჯერობით შემსუბუქება არ ეხება ე.წ. კომენდანტის საათს, რომელიც გასული წლის 28 ნოემბრიდან მოქმედებს და კრძალავს ქუჩაში გასვლას 21:00-დან 05:00 საათამდე.

შეზღუდვები, რომლებიც 25 თებერვლიდან  შემსუბუქდება - სრული ჩამონათვალი

რუსთავი–თბილისის ხაზის მფლობელი კომპანია „ინტერტრანსის“ ინფორმაციით, პირველი მიკროავტობუსი რუსთავიდან თბილისის მიმართულებით გამოვა 08:00 საათზე, ხოლო ბოლო რეისი – 18:00 საათზე. თბილისიდან რუსთავში კი პირველი სამარშრუტო ტაქსი გავა 09:00 საათზე, ხოლო ბოლო – 19:00 საათზე.

კომპანია მგზავრებს პირბადის ტარების წესის დაცვას სთხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში მძღოლს უფლება აქვს, მგზავრს მიკროავტობუსი დაატოვებინოს.

ამას გარდა, კომპანია აცხადებს, რომ კორონავირუსის გავრცელების რისკის შესამცირებლად ხაზზე მოძრავ ყველა სამარშრუტო მიკროავტობუსს ფარეხში დაბრუნებისას დეზინფექცია ჩაუტარდება.

თბილისსა და რუსთავს შორის კავშირი ჯერჯერობით მხოლოდ სამარშრუტო ტაქსებით მოხდება.