თურნავა: ბაკურიანი მზადაა, მაღალ დონეზე უმასპინძლოს მსოფლიო თასის ეტაპს

მსოფლიო თასის აღნიშნული ეტაპი 26-28 თებერვალს ჩატარდება. პანდემიიდან გამომდინარე, ბაკურიანში შეჯიბრება მაყურებლის გარეშე გაიმართება.
Sputnik

თბილისი, 25 თებერვალი – Sputnik. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ბაკურიანში „სქი-ქროსში“ მსოფლიო თასის ეტაპის ორგანიზატორებს შეხვდა. მხარეებმა დაგეგმილი ტურნირის ჩატარებასა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. იუწყება „პირველი არხი“.

ბაკურიანი 26-28 თებერვალს Ski Cross-ის მსოფლიო თასის ეტაპს უმასპინძლებს

ბაკურიანში 26-28 თებერვალს სათხილამურო ფედერაციის ეგიდით დაგეგმილ მაღალი დონის შეჯიბრებაში 9 ქვეყნის 51 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას (ავსტრია, ბელგია, კანადა, ჩეხეთი, ბრიტანეთი, იაპონია, შვეიცარია, შვედეთი, აშშ). ბაკურიანი შერეული ნაკრებების გუნდურ შეჯიბრებას მსოფლიო თასის ფარგლებში პირველად უმასპინძლებს. ასპარეზობა კოვიდ-პროტოკოლის წესებისა და რეგულაციების მკაცრი დაცვით გაიმართება.

მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობა ხელს უწყობს საქართველოში არსებულ სამთო კურორტებზე შეჯიბრებების გამართვას. შეხვედრაზე ასევე საქართველოში ზამთრის სათხილამურო კურორტების განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს.

„ეს მნიშვნელოვანი საერთაშორისო შეჯიბრება ტარდება 2023 წლის ზამთრის ჩემპიონატისთვის მზადების ეგიდით. მოგეხსენებათ, ამ მიზნით საქართველოში ძალიან სერიოზული დელეგაციები ჩამოდიან ცხრა ქვეყნიდან, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ამ მნიშვნელოვან სპორტულ ღონისძიებაში“, – განაცხადა თურნავამ.

მსოფლიო ჩემპიონატის პროექტის ფარგლებში ბაკურიანში დიდი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა – აშენდა სამი ახალი საბაგირო, დამონტაჟდა ხელოვნური გათოვლიანების სისტემა, შეიძინეს სპეცტექნიკა და უსაფრთხოების ინვენტარი და სხვ.

საქართველო ფრისტაილსა და სნოუბორდში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება>>

აღნიშნულ საკითხზე შეხვედრის შემდეგ საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა პატრიკ ლანგმაც ისაუბრა. მისი თქმით, მსგავსი ტურნირები ქართული მთების პოპულარიზაციას კარგად წაადგება.

  • „ჩვენზე მართლაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ გარემოებამ, რომ ძალიან ძლიერი მხარდაჭერა გვქონდა ქართველი ხალხისგან, სათხილამურო ფედერაციისა და საქართველოს მთავრობისგან, რაც ძალიან კარგია. ასევე იმედით ვუყურებთ მომავალს, რადგან ეს ნამდვილად კარგი შანსია, რომ საქართველომ განიმტკიცოს პოზიცია, როგორც მსგავსი ტურნირების მასპინძელმა ქვეყანამ“, – აღნიშნა პატრიკ ლანგმა.

შეჯიბრება საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიისა“ და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით გაიმართება.