შეზღუდვები, რომლებიც 25 თებერვლიდან  შემსუბუქდება - სრული ჩამონათვალი

ხელისუფლების განმარტებით, თუ ქვეყანაში ე.წ. ინფიცირების დადებითობის მაჩვენებლის შემცირების დინამიკა შემდგომშიც გაგრძელდება, შესაძლებელი გახდება სხვა შეზღუდვების შემსუბუქებაც.
Sputnik

თბილისი, 24 თებერვალი – Sputnik. საქართველოს მთავრობამ გასული წლის 28 ნოემბრიდან მოქმედი კოვიდ-შეზღუდვების შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო. 

კერძოდ, უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით:

25  თებერვლიდან

- გაიხსნება სასტუმროები სამთო კურორტებზე  არსებული ეპიდემიოლოგიური სტანდარტებისა და რეგულაციების სრული დაცვით;

- ამოქმედდება  საქალაქთაშორისო ტრანსპორტი

1 მარტიდან

- ბათუმში რესტორნები შიდა სივრცეებში ფუნქციონირებას განაახლებენ (შაბათ-კვირის გარდა). რესტორნებს შიდა სივრცეებში მოუწევთ დადგენილი რეკომენდაციებისა და სტანდარტების ზედმიწევნით დაცვა, რაც შესაბამისი უწყებების მხრიდან მკაცრად გაკონტროლდება;

- განახლდება კონფერენციებისა და ტრენინგების ჩატარება შესაბამისი პროტოკოლის დაცვით;

- სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, როგორც საჯარო, ისე კერძო, აღადგენენ ფუნქციონირებას, 2 კვირაში ერთხელ თანამშრომლების 20%-ის სავალდებულო ტესტირების პირობით;

- უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები შეძლებენ კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობის განახლებას და გამოცდების არადისტანციურ ფორმატში ჩატარებას;

- საქმიანობას განაახლებენ მუზეუმები და ბიბლიოთეკები; 

- იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის გავლით ქვეყანაში შემოსვლა შეუძლიათ PCR-ტესტის ნეგატიური პასუხით, ემატება შემდეგი ქვეყნები: სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი.

8 მარტიდან

- საქართველოს მასშტაბით რესტორნები შიდა სივრცეებში ფუნქციონირებას განაახლებენ (შაბათ-კვირის გარდა). რესტორნებს შიდა სივრცეებში მოუწევთ დადგენილი რეკომენდაციებისა და სტანდარტების ზედმიწევნით დაცვა, რაც შესაბამისი უწყებების მხრიდან მკაცრად გაკონტროლდება;

- გაიხსნება სამთო კურორტებზე არსებული საბაგიროები, ასევე ეპიდემიოლოგიური სტანდარტებისა და რეგულაციების სრული დაცვით;

- არასასურსათო საცალო ვაჭრობა შაბათ-კვირის ჩათვლით (როგორც სავაჭრო მოლები, ისე ბაზრობები) განაახლებს მუშაობას.

15 მარტიდან

- ფუნქციონირებას განაახლებენ სპორტული დარბაზები, განსაზღვრული რეგულაციების დაცვით;

-  უმაღლესი სასწავლებლების აუდიტორიებში სასწავლო პროცესი აღდგება;

-  განახლდება სასკოლო წრეები;

- თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები შეძლებენ საქმიანობის განახლებას.

1 აპრილიდან

- თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები სრულად აღადგენენ საქმიანობას (თეატრალური წარმოდგენები, სპორტული შეჯიბრებები მაყურებლის დასწრებით).

შეზღუდვები უქმე დღეებში

- შაბათ–კვირას საქართველოს დიდ ქალაქებში არ იმუშავებენ კაფეები და რესტორნები.

შეზღუდვები კვლავ ძალაში დარჩა

საქართველოში კვლავ იმოქმედებს პირბადის სავალდებულო ტარების რეჟიმი როგორც დახურულ, ისე გარე სივრცეში. ამასთან, პირბადის ტარების წესის დარღვევაზე ჯარიმა 20 ლარია. განმეორებით დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა ორმაგდება. 

კვლავ ძალაში რჩება 21:00 საათიდან 05:00 საათამდე ქუჩაში გადაადგილების აკრძალვა. „კომენდანტის საათის“ დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 2 ათასი ლარის ოდენობით ფიზიკური პირის შემთხვევაში და 10 ათასი ლარის – იურიდიული პირის შემთხვევაში.