რომელი ქვეყნების მოქალაქეები შემოვლენ საქართველოში PCR-ტესტის ნეგატიური პასუხით 1 მარტიდან

საქართველოს მთავრობამ გასული წლის 28 ნოემბრიდან მოქმედი კოვიდ-შეზღუდვების შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო
Sputnik

თბილისი, 24 თებერვალი - Sputnik. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებს PCR ტესტის ნეგატიური პასუხით შემოსვლა შეუძლიათ, 1 მარტიდან სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი და ბელარუსი ემატება.

საქართველომ ცა გახსნა: რეისები არის, ტურისტები — არა

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, 1 მარტიდან ქვეყანაში ვიზიტორების დაშვებასთან დაკავშირებით მოქმედი რეგულაციები ნაწილობრივ შემსუბუქდება.

„კერძოდ, იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის გავლით ქვეყანაში შემოსვლა შეუძლიათ PCR-ტესტის ნეგატიური პასუხით, 1 მარტიდან ემატება შემდეგი ქვეყნები: სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, ამ ეტაპზე სახმელეთო საზღვარზე კვლავ მოქმედი რეჟიმი რჩება.

საქართველომ რეგულარული საერთაშორისო ავიამიმოსვლა 1 თებერვლიდან განაახლა.

საქართველომ საჰაერო სივრცე გახსნა: რეისების მიმართულება და განრიგი>>

საქართველომ კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წლის მარტის შუა რიცხვებში სახმელეთო საზღვრები ჩაკეტა, მარტის ბოლოს კი ყველა მიმართულებით ავიამიმოსვლა შეაჩერა. შეზღუდვები არ ეხებოდა მხოლოდ იმ სპეცრეისებს, რომლებიც ქვეყნის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებას ისახავდა მიზნად.