ქობულეთის №3 საჯარო სკოლაში კორონავირუსით ინფიცირების 14 შემთხვევა დაფიქსირდა

მიუხედავად მკაცრი კონტროლისა, სასწავლო დაწესებულებების ვირუსისგან დაცვა ვერ ხერხდება – კორონავირუსით ინფიცირდებიან როგორც ბავშვები, ისე მასწავლებლები
Sputnik

თბილისი, 24 თებერვალი – Sputnik. ქობულეთის №3 საჯარო სკოლის 9 პედაგოგს და 5 მოსწავლეს COVID-19​ დაუდასტურდა, იუწყება „აჭარის ტელევიზია".

გავრცელებული ინფორმაციით, ინფიცირებულთა  ნაწილს ვირუსი გასულ კვირას, ნაწილს კი გუშინ დაუდასტურდა.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის რესურს–ცენტრის ხელმძღვანელის მადონა გოგიტიძის განცხადებით, ამ კონკრეტულ ფაქტამდე აღნიშნულ სასწავლო დაწესებულებაში კორონავირუსი  დაუდასტურდა ორ მოსწავლეს, რის გამოც კლასი, რომელშიც ინფიცირებული მოსწავლეები ირიცხებიან, სწავლების დისტანციურ რეჟიმზე იყო გადასული. 

განათლების სამინისტრო თბილისის სკოლების მონიტორინგს აგრძელებს

„სკოლა დღეიდან დაიხურა. გუშინ მასწავლებლების გეგმური ტესტირება ჩატარდა და ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა. აღნიშნულის გამო აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა სკოლის დისტანციურ რეჟიმზე გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო. ამ დროისთვის დაწყებულია კონტაქტების მოკვლევა. სავარაუდოდ, სკოლა 2 კვირის განმავლობაში ამ რეჟიმში გააგრძელებს ფუნქციონირებას", - განაცხადა გოგიტიძემ.

საქართველოს მასშტაბით საკლასო ოთახებში სასწავლო პროცესი 15 თებერვლიდან განახლდა. ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, გორსა და თელავში კი 1 თებერვლიდან აღდგა.

ბოლო მონაცემებით, გასულ დღე–ღამეში ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილი კორონავირუსის 443 ახალი შემთხვევიდან 15 შემთხვევა აჭარაში დაფიქსირდა.