სანქციები და პროტესტი: ოპოზიციამ თავისი გეგმების შესახებ განაცხადა

ქართული ოპოზიციის მთავარი მოთხოვნებია ნიკა მელიას გათავისუფლება და ვადამდელი საპარალამენტო არჩევნების ჩატარება
Sputnik

თბილისი, 24 თებერვალი – Sputnik. ოპოზიცია მოითხოვს სანქციების დაწესებას იმ პოლიტიკოსების, პოლიციელების, პროკურორებისა და მოსამართლეების მიმართ, რომლებიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას დაპატიმრებას უკავშირდებიან, განაცხადა პარტიის წევრმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან.

დასავლეთმა მელიას დაკავება დაგმო – თბილისს პასუხი არ დაუყოვნებია>>

„ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია სამშაბათ დილით პარტიის ოფისში დააკავეს. ამან დიდი რეზონანსი გამოიწვია საერთაშორისო საზოგადოებაში. საქართველოს დასავლელი პარტნიორები მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდებენ. 

„ჩვენ მუშაობას ვიწყებთ საერთაშორისო სანქციებზე არა მხოლოდ მთავარი ოლიგარქის წინააღმდეგ, არამედ ყველა იმ ადამიანის წინააღმდეგ, იმ პოლიციელების, მაღალჩინოსნების, პროკურორების, მოსამართლეების, ვინც უშლიან ხელს კანონის უზენაესობას და დემოკრატიას... კონკრეტულ ადამიანებზე ასეთი სანქციები არის აუცილებელი, მათი გვარები აუცილებლად იქნება გამოაშკარავებული“, – განაცხადა დეკანოიძემ.

რაც შეეხება დიალოგის პერსპექტივას მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის, დეკანოიძის განცხადებით, ოპოზიციის წინადადება უცვლელი რჩება.

„ჩვენთვის ძვირფასია ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე“: რას სთავაზობს ოპოზიციას ღარიბაშვილი

„ჩვენი წინადადება, რომელიც საჯაროდ გადავეცით საერთაშორისო პარტნიორებს, არის შემდეგი - გათავსუფლდეს ნიკა მელია და საუბარი დაიწყოს ვადამდელ და რიგგარეშე არჩევნებზე. ეს არის ის ძირითადი პირობა, რომელსაც ჩვენ ვაყენებთ. რა თქმა უნდა, ვადამდელი და რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს ახალი წესებით და 8 მარტის შეთანხმება ბოლომდე შესრულდეს, რაც გულისხმობს გიორგი რურუას გათავისუფლებას. სხვა რაიმე სახის ფორმულირებები და ფორმულა არ განიხილება“, – აღნიშნა დეკანოიძემ.

მელიას დაკავებიდან რამდენიმე საათში ოპოზიციამ განაცხადა, რომ ქუჩის საპროტესტო აქციებს იწყებს. ოპოზიციის გეგმებშია პარასკევს მასობრივი აქცია–მსვლელობის გამართვა.

„პროტესტი იქნება უმწვავესი, ვიდრე პოლიტიკური პატიმრები არ იქნებიან გათავისუფლებული და არ მივაღწევთ რიგგარეშე არჩევნებს, როგორც არა ვინმეს აკვიატებას, არამედ ერთადერთ ლეგიტიმურ გამოსავალს ასეთი კრიზისული სიტუაციიდან. უნდა ველოდოთ ყველაფერს, რის უფლებასაც ჩვენი კანონი და კონსტიტუცია გვაძლევს,  პიკეტი, მანიფესტაციები ყველა ქალაქში“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთპერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ.

ოპოზიცია თბილისში საპროტესტო აქციას 26 თებერვალს გამართავს

ნიკა მელია 2019 წლის 20–21 ივნისს მასობრივი არეულობების ორგანიზების საქმეში ფიგურირებს. მან უარი განაცხადა მეორედ დანიშნული გირაოს გადახდაზე. პროკურატურამ გამოძიების პერიოდში მისი წინასწარი პატიმრობა მოითხოვა. სასამართლომ 17 თებერვალს პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

მელია ხელისუფლებას იმაში ადანაშაულებს, რომ ის პოლიტიკური პროცესებისგან მის იზოლირებას ცდილობს. მელიამ სასამართლოს გადაწყვეტილებას ფაქტობრივად დაუმორჩილებლობა გამოუცხადა.