ნიკა მელიამ საკანში ტელევიზორი მოითხოვა

ოპოზიციის ლიდერი ტელევიზორის შეძენას პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში შეძლებს.
Sputnik

თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ, რომელიც წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, საკანში ტელევიზორის შეტანა მოითხოვა, ნათქვამია საქართველოს სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში. 

ნიკა მელიას მხარდამჭერები თბილისიდან რუსთავის ციხემდე ავტომსვლელობას გამართავენ

უწყებაში აღნიშნეს, რომ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ მელიასთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ბრალდებულის საკანში ტელევიზორი არ არის. მან იმედი გამოთქვა, რომ დაწესებულების ადმინისტრაცია აღნიშნულ საკითხს დროულად გადაჭრის.

„ბრალდებულ ნიკანორ მელიას, ისევე, როგორც პენიტენციურ სისტემაში მყოფ ნებისმიერ სხვა პატიმარს, ექნება ტელევიზორით სარგებლობის უფლება იმ შემთხვევაში, თუ იგი შეიძენს ტელევიზორს პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ მაღაზიაში“, – ნათქვამია განცხადებაში.

პენიტენციურ სისტემაში ყველა მსჯავრდებულზე გაიცემა საბანკო ბარათი, რომლითაც მათ შეუძლიათ პენიტენციური დაწესებულების მაღაზიაში საჭირო ნივთი შეიძინონ. როგორც უწყებაში განმარტავენ, ადმინისტრაციამ მელიას მონაცემები ბანკს უკვე მიაწოდა და ბარათი რამდენიმე დღეში დამზადდება.

„სწორედ ამ პროცედურის გავლა არის საჭირო იმისთვის, რომ ბრალდებულმა შეძლოს ტელევიზორის შეძენა“, – აღნიშნულია განცხადებაში. 

ნინო ლომჯარია ნიკა მელიას საპატიმროში ხვდება

საქართველოში ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე პარტიის ცენტრალურ ოფისში სამშაბათს, დილით დააკავეს. რამდენიმე საათის შემდეგ ოპოზიციამ ქუჩის საპროტესტო აქციების დაწყება დააანონსა. ოპოზიციური პარტიების გეგმებშია პარასკევს ფართომასშტაბიანი აქცია–მსვლელობის გამართვა.

მელიას დაკავებამ საერთაშორისო საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია. პრაქტიკულად ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ და დასავლელმა პარტნიორმა მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდა. მოლაპარაკებების მაგიდასთან შეხვედრა შესთავაზა ოპოზიციას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც, რომელმაც ამავე დროს პარლამენტში სამთავრობო პროგრამის წარდგენისას კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა ოპოზიცია.

2019 წლის 20–21 ივნისის საქმესთან დაკავშირებით ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 17 თებერვალს დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მელიამ უარი განაცხადა გირაოს გადახდაზე, რომელიც მას აღკვეთის ალტერნატიულ ღონისძიებად შეეფარდა. გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა შსს-ს დაევალა.

მელიამ ხელისუფლებას ბრალი დასდო პოლიტიკური პროცესებისგან მისი იზოლირების მცდელობაში და სასამართლოს გადაწყვეტილებას ფაქტობრივად დაუმორჩილებლობა გამოუცხადა.