გამყრელიძე:  სავარაუდოდ, AstraZeneca-ს რამდენიმე ასეული ათასი დოზა უნდა მივიღოთ

ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმის მიხედვით, 2021 წლის ბოლომდე საქართველოში მოსახლეობის სულ მცირე 60% უნდა აიცრას.  ვაქცინაცია უფასო და ნებაყოფლობითი იქნება.
Sputnik

თბილისი, 24 თებერვალი - Sputnik. კონტრაქტები უკვე გაფორმებულია და საქართველომ  უახლოეს პერიოდში COVID-19–ის საწინააღმდეგო ვაქცინა AstraZeneca-ს რამდენიმე ასეული ათასი დოზა უნდა მიიღოს, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

საქართველოში ვაქცინის შემოტანა გადაიდო

ამ ეტაპზე როგორც ცნობილია, COVAX–პლატფორმის მეშვეობით საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო  Pfizer-ისა და AstraZeneca-ს ვაქცინები უნდა შემოვიდეს.

ქვეყანაში Pfizer-ის პირველი პარტია თებერვლის ბოლოს უნდა შემოსულიყო, თუმცა, მისი შემოტანა გადავადდა. როგორც გასულ კვირას ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა განაცხადეს, შესაძლოა, Pfizer-ზე ადრე ქვეყანაში AstraZeneca–ს ვაქცინა შემოვიდეს.

გამყრელიძის განმარტებით, რადგან ქვეყანაში Pfizer-ის შემოტანის ზუსტი თარიღი არაა ცნობილი, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ამ ეტაპზე სრულად გადაერთო AstraZeneca-ს ვაქცინის ლოჯისტიკაზე – უახლოეს დღეებში  დაიწყება პერსონალის კიდევ ერთხელ გადამზადება.

ამასთან, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა განმარტა ის მიზეზები, თუ რატომ ვერ მიიღო საქართველომ Pfizer-ის  ვაქცინა დაანონსებულ ვადებში. 

გამყრელიძე: ქვეყანაში ვაქცინაცია მარტის პირველ ორ კვირაში დაიწყება

„Pfizer-მა და Moderna-მ ევროკავშირის დაკვეთები სრულად ვერ შეასრულეს.  დღეს ევროკავშირი იმუნიზაციის მაჩვენებლით ბევრად ჩამორჩება აშშ-სა და ბრიტანეთს. Pfizer-ს სურს, რომ ევროკავშირთან თავისი ვალდებულებები შეასრულოს და ამიტომ დანარჩენი 18 ქვეყნის მომარაგებაში, რომელთაც ვაქცინა რომლებიც Covax–პლატფორმის მეშვეობით უნდა მიეღო, პრობლემები შეიქმნა“, - განაცხადა გამყრელიძემ.

შეთანხმების მიხედვით, საქართველო Pfizer-ის ლიმიტირებულ, 29.250 დოზას ელოდება, რაც შეეხება AstraZeneca-ს, ქვეყანას მარტის შუა რიცხვებში დაახლოებით 180 ათასიდან 300 ათას დოზამდე ვაქცინა უნდა გადმოეცეს.

საქართველო პირველ ეტაპზე  ვაქცინას  მედპერსონალის ვაქცინაციისთვის მიიღებს. ქვეყანაში უკვე შემოტანილია აცრისთვის განკუთვნილი 50 ათასი სპეციალური შპრიცი. ვაქცინაციის დასაწყებად უკვე მზადაა ცხრა სამედიცინო დაწესებულება, რომელთა რაოდენობა ახლო მომავალში 15–მდე გაიზრდება.