ეგვიპტემ კორონავირუსის რუსული ვაქცინა დაარეგისტრირა

უკვე მსოფლიოს 30-ზე მეტმა ქვეყანამ დაუშვა კორონავირუსის რუსული ვაქცინის „სპუტნიკ V“-ს გამოყენება თავის სახელმწიფოში
Sputnik

თბილისი, 24 თებერვალი - Sputnik. ეგვიპტე 35-ე ქვეყანაა, რომელმაც კორონავირუსის რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V“ დაარეგისტრირა. იუწყება РИА Новости რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდზე დაყრდნობით.

„ეგვიპტე ახლო აღმოსავლეთში არის ყველაზე მრავალრიცხოვანი მოსახლეობის მქონე ქვეყანა და ვაქცინების ეროვნულ პორტფელში „სპუტნიკ V“-ს შეყვანა პრეპარატის უსაფრთხოებასა და მაღალეფექტურობაზე მიუთითებს“, - განაცხადა რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელმა კირილ დმიტრიევმა.

აღნიშნულია, რომ ეგვიპტის წამლების სამმართველომ პრეპარატი დაჩქარებული პროცედურის ფარგლებში დაარეგისტრირა.

შვეიცარიულმა გამოცემამ „სპუტნიკ V“ საექსპორტო ჰიტად აღიარა

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ „სპუტნიკ V“ 2020 წლის აგვისტოში დაარეგისტრირა. ესაა COVID-19-ის პროფილაქტიკისთვის განკუთვნილი მსოფლიოში პირველი ვაქცინა. პრეპარატი შეიქმნა ადამიანის ადენოვირუსული ვექტორების შესწავლილ და შემოწმებულ პლატფორმაზე.

„სპუტნიკ V“ შედის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების მსოფლიო ლიდერების სამეულში იმ სახელმწიფოთა რაოდენობის მიხედვით, რომელთა მარეგულირებლებმაც ვაქცინის გამოყენება დაუშვეს, აღნიშნეს ფონდში.

სამეცნიერო ჟურნალმა Lancet-მა ამას წინათ გამოქვეყნა „სპუტნიკ V“-ს კლინიკური ცდების მესამე ფაზის შედეგები, რომლებიც მის უსაფრთხოებასა და ეფექტურობას ადასტურებენ. კლინიკური კვლევების მესამე ფაზაში „სპუტნიკ V“-მ გამოავლინა 91,6%-იანი ეფექტურობა და უსაფრთხოება. ვაქცინა სრულად იცავს ორგანიზმს ახალი კორონავირუსული ინფექციის მძიმე შემთხვევებისგან.