ბაკურიანი 26-28 თებერვალს Ski Cross-ის მსოფლიო თასის ეტაპს უმასპინძლებს

მსოფლიო თასის ეტაპში მონაწილეობას ცხრა ქვეყნის 51 სპორტსმენი მიიღებს. პანდემიიდან გამომდინარე, ბაკურიანში შეჯიბრება მაყურებლის გარეშე გაიმართება.
Sputnik

თბილისი, 24 თებერვალი – Sputnik. „სქი ქროსის“ მსოფლიო თასის ეტაპის მონაწილეები და ორგანიზატორები უკვე საქართველოში არიან. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

ბაკურიანში 26-28 თებერვალს სათხილამურო ფედერაციის ეგიდით დაგეგმილ მაღალი დონის შეჯიბრებაში 9 ქვეყნის 51 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. ბაკურიანი შერეული ნაკრებების გუნდურ შეჯიბრებას მსოფლიო თასის ფარგლებში პირველად უმასპინძლებს. ასპარეზობა კოვიდ-პროტოკოლის წესებისა და რეგულაციების მკაცრი დაცვით გაიმართება.

როდის გაიხსნება ზამთრის კურორტები?

პანდემიის გათვალისწინებით, მონაწილეთა დაშვება საქართველოს მსოფლიო თასების ეტაპებისთვის შემუშავებული წესებით ხდება. კერძოდ, მონაწილეებმა საქართველოში მგზავრობისას უნდა წარმოადგინონ 72-საათიანი ხანდაზმულობის PCR ტესტის უარყოფითი პასუხი. სპორტსმენები საქართველოში ჩამოსვლისას სავალდებულო ტესტირებას გამგზავრებამდე ყოველ 72 საათში გაივლიან.

„გამომდინარე იქიდან, რომ ბაკურიანი დამსვენებლებისთვის დახურულია, მსოფლიო თასის ეტაპი მაყურებლის გარეშე ჩატარდება. ბაკურიანის მსგავსად, მაყურებლის გარეშე გაიმართა მსგავსი მაღალი რანგის სამთო სპორტული შეჯიბრებები ევროპის წამყვან სამთო კურორტებზეც“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

შეჯიბრება საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიისა“ და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით გაიმართება.

საქართველო ფრისტაილსა და სნოუბორდში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება

2020 წლის 28 ნოემბრიდან საქართველოს ზამთრის კურორტებმა მუშაობა შეაჩერეს – სასტუმროებს ეკრძალებათ დამსვენებლების მიღება, გაჩერებულია სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება, დაკეტილია კაფეები და რესტორნები.

საქართველოში ზამთრის კურორტები ოთხ რეგიონშია: გუდაური (მცხეთა-მთიანეთი), თეთნულდი და ჰაწვალი (სვანეთი), ბაკურიანი და კოხტა მიტარბი (სამცხე-ჯავახეთი), გოდერძი (აჭარა). ამ კურორტებზე ტურისტული სეზონი, ჩვეულებრივ, დეკემბრის დასაწყისში იხსნება და მარტის ბოლომდე გრძელდება.