შატილის გზაზე მომხდარი საზარელი ავარია: რა დაადგინა გამოძიებამ

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულებს ბრალი ედებათ ტექნიკურად გაუმართავი ტრანსპორტის საექსპლუატაციოდ გაშვებაში, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია
Sputnik

თბილისი, 24 თებერვალი – Sputnik. შატილის გზაზე, სოფელ ბისოს მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით დაკავებულ ორ პირს ბრალი წარედგინა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

2020 წლის 23 აგვისტოს ხევსურეთის გაზე, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბისოს მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოავარიის შედეგად საექსკურსიო მიკროავტობუსი, რომელშიც 20 მგზავრი იმყოფებოდა, 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. ადგილზე დაიღუპა 17 ადამიანი, მათ შორის მძღოლი და გიდი. სამი ადამიანი კი მძიმედ დაშავდა.

შატილის გზაზე მომხდარ საზარელ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით ორი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა ტურისტული კომპანია შპს „თრეველ ჯის“ დირექტორი - 1986 წელს დაბადებული შ.ბ. და ამავე კომპანიის მიერ დაქირავებული სამგზავრო მიკროავტობუსის მესაკუთრე - 1966 წელს დაბადებული გ.გ. დღეს დააკავეს.

როგორც გამოძიებით დადგინდა, მიკროავტობუსის მესაკუთრემ გ.გ-მ და ტურისტული კომპანიის დირექტორმა შ.ბ.-მა, როგორც სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მდგომარეობისთვის პასუხისმგებელმა პირებმა, ექსპლუატაციაში გაუშვეს ტექნიკურად გაუმართავი მიკროავტობუსი, რამაც საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა გამოიწვია.

ასევე, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე დადგინდა, რომ მიკროავტობუსის წინა სამუხრუჭე სისტემა ტექნიკურად გაუმართავი იყო. მიკროავტობუსის ტექნიკური მახასიათებლით დადგენილი 15 მგზავრის ნაცვლად კი კუსტარულად დამონტაჟებული სავარძლებით, სატრანსპორტო საშუალებას, მძღოლის გარდა, 19 მგზავრი გადაჰყავდა.

  • „მგზავრთა უსაფრთხოების ღვედები დამონტაჟებული იყო მავთულებით, კუსტარულად, მიკროავტობუსს გავლილი არ ჰქონდა ტექნიკური ინსპექტირება. სწორედ მითითებული დარღვევებიდან გამომდინარე, სატრანსპორტო საშუალება არ აკმაყოფილებდა ტექნიკური ინსპექტირებისთვის საჭირო მოთხოვნებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

დაკავებულებს ბრალდება ტექნიკურად გაუმართავი ტრანსპორტის საექსპლუატაციოდ გაშვებისთვის წარაედგინათ, რამაც 17 პირის სიცოცხლის მოსპობა და სამი პირის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია.

საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 277-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შატილის გზაზე ხევში გადავარდნილ მიკროავტობუსს სერიოზული პრობლემები ჰქონდა>>

საქართველოს პროკურატურა უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს, თანაგრძნობას გამოხატავს დაზარალებულების მიმართ და აცხადებს, რომ სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა მათი კანონიერი ინტერესების დასაცავად იქნება მიმართული.