თბილისი, 24 თებერვალი - Sputnik. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა კახაბერ ქემოკლიძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ქემოკლიძე სოციალურ ქსელში წერს.
კახაბერ ქემოკლიძე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თებერვლის დასაწყისში წარადგინა. მან ამ თანამდებპბაზე სულ 3 კვირა იმუშავა, მაგრამ საჯარო უწყებებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
„დადგა დრო როდესაც ზუსტად 10 წლიანი აქტიური, უზომოდ დინამიური და გამოწვევებით სავსე სამსახურის შემდეგ უნდა დაგემშვიდობოთ, როგორც საჯარო მოხელე და ყოფილი უსაფრთხოების ოფიცერი... 10 წლის განმავლობაში მქონდა პატივი (ალბათ უიშვიათესი), რომ მემუშავა განსაკუთრებულ ადამიანებთან, ხელმძღვანელებთან და ლიდერებთან (როგორც წინა, ისე ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში)“, - წერს ქემოკლიძე.
ქემოკლიძემ გიორგი გახარიას მადლობა გადაუხადა თავდაუზოგავი შრომის, სწორი სახელმწიფოებრივი ფასეულობების და ღირებულებებისთვის. ქემოკლიძემ აღიარა, რომ თავიდან ის თავისი პროფესიული ჩვევებიდან გამომდინარე მას ეჭვის თვალითაც კი უყურებდა.
„მადლობა გახარიას, იმისთვის, რომ იყო თავდაუზოგავი (ხშირ შემთხვევაში ფიზიკურად ამოუხსნელი) შრომის, საოცრად სწრაფი ფიქრის უნარის, სწორი სახელმწიფოებრივი ფასეულობების და ღირებულებების მატარებელი და ბევრისათვის სამაგალითო ლიდერი. იყო შინაარსობრივად მერიტოკრატიის რწმენით გამსჭვალული ხელმძღვანელი; ქრონიზმის, ნეპოტიზმის, ზედმეტი ბიუროკრატიის მტერი და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე ამღები თანამედროვე მენეჯერი. მადლობა მას, იმისთვის, რომ მომცა საშუალება ვყოფილიყავი სახელმწიფო ინტერესების დაცვის სადარაჯოზე და მემსახურა ჩემი ქვეყნისათვის“, - დაწერა ქემოკლიძემ.
ასევე, მან წარმატებები უსურვა ახლანდელ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს და აღნიშნა, რომ სხვადასხვა პოლიტიკური და რელიგიური შეხედულებების, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად საჭიროა საზოგადოების კონსოლიდაცია, რადგან წინ ნებრი რთული გამოწვევაა.
„მე დროებით გემშვიდობებით. ჩვენ კვლავ შევხვდებით!“ - დასასრულს დაწერა ქემოკოიძემ.
ქემოკლიძე მთავრობის ადმინისტრაციაში დანიშვნამდე ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ხელმძღვანელად მუშაობდა.
კახა ქემოკლიძემ საჯარო სექტორში კარიერა 2011 წელს დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში უფროსი ანალიტიკოსის პოზიციიდან. მას ძალოვან უწყებაში სხვადასხვა პოზიციები ეკავა. 2018 წელს შსს-ს საინფორმაციო–ანალიტიკურ დეპარტამენტს ჩაუდგა სათავეში.
2012 წლის ივნისიდან 2018 წლის აპრილამდე პერიოდში ის იყო შსს-ს, მოგვიანებით კი სუს-ის სპეციალური წარმომადგენელი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე (GID) და ცენტრალური მთავრობის მხრიდან მთავარი მომლაპარაკებელი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ჯგუფის შეხვედრებზე.
18 თებერვალს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა, რის მიზეზადაც ნიკა მელიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით მმართველ გუნდთან აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა.